Posts tagged ‘ოსკარი’

თებერვალი 23, 2011

ოსკარი 2011 და ჩემი ამერიკული ოცნება

ავტორი cdisპიreli

რა სხვაობაა ჩემსა და ჰოლივუდელ ლამაზმან ვარსკვლავებს შორის? რა და, წუხელ როცა მე მშვიდად მეძინა ისინი იმაზე ფიქრობდნენ თუ როგორი კაბა ჩაიცვან, რომ სხვებზე კარგები, ლამაზები და ორიგინალურები იყვნენ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალზე.

ალბათ, “კოდაკის თეატრის” წინ უკვე გაშალეს წითელი ხალიჩა და სულ მალე მასზე უამრავი ვარსკვლავი ჩაივლის სანუკვარი ჯილდოს მიღების მოლოდინში. კეთილი ჯადოქარი და წითელი ვაშლები ხომ გახსოვთ ზღაპრებიდან? მიზნის მისაღწევად ვაშლებს რომ აძლევს ზღაპრის გმირს და ეუბნება: “აჰა შენ ვაშლები, გააგორე და უკან გაჰყევი.” – ჰოლივუდელი მსახიობებიც ასე მიუყვებიან წითელ ხალიჩას იმ იმედით რომ ის მათ ოსკარამდე მიიყვანს. დარბაზში შედიან, სკამებზე სხდებიან, ჯიბეში წინასწარ დაწერილ სამადლობელ სიტყვას ხელით ეხებიან და ცერომონიალის დაწყებას ელიან გაღიმებულნი.

წლევანდელ “ოსკარებს” ორი ახალგაზრდა მსახიობი წარუძღვება, ესენი არიან: ენ ჰათეუეი (Anne Hathaway) და ჯეიმს ფრანკო (James Franco). მართალია ორივე მსახიობი ახალგაზრდაა, მაგრამ კინომანებისთვის უკვე კარგად ცნობილები არიან. ერთს, ფრანკოს, ჯეიმს დინს ადარებენ,  ჰათეუეის – ჯულია რობერტს. როგორც ორგანიზატორები გვპირდებიან შოუ იქნება არნახული და სიურპრიზებით აღსავსე. წამყვანებიც დიდი მონდომებით ემზადებიან ცერემონიისთვის.

დამეთანხმებით, ზოგადად ლოდინი დიდი ვერაფერი სიამოვნებაა, მაგრამ ოსკარის დაჯილდოების ცქერა და წლის საუკეთესო ფილმის დასახელების მოლოდინში არის რაღაც მიმზიდველი. თან როგორია, როცა იცი რომ ცერემონიალს შენთან ერთად უამრავი ადამიანი უყურებს, ამ დროს მსოფლიო ისე ერთიანია როგორც არასდროს!

ჩემთვის ოსკარების ლაურეატების გამოვლენასთან ერთად არა ნაკლებ საინტერესოა გამარჯვებულების მიერ ემოციების გამოხატვის ფორმები და წარმოთქმული სამადლობელი სიტყვა. პირველი, რაც ამასთან დაკავშირებით მახსენდება ეს არის იტალიელი მსახიობისა და რეჟისორის, რობერტო ბენინის ემოციური ქმედაბა, რომელიც ჯერ სკამიზ საზურგეზე ავიდა და ლამის მთელ დარბაზს თავზე გადაუარა, მერე კი სულ სკუპ–სკუპით აიარა სცენისკენ მისასვლელი კიბეები.

ედრიან ბროუდიმაც კარგად გამოხატა თავისი გრძნობები და ძალზედ ვნებიანად აკოცა ჰოლი ბერის.

თუმცა, უმრავლესობა ასე საინტერესოდ ვერ ახერხებს სიხარულის გამოხატვას. ბევრი მხოლოდ პირზე იფარებს ხელს სიცილის დროს, რომ თავისი 32 კბილი არ გამოაჩინოს. არც ჩემს მიერ უკვე ნახსენები, წინასწარ მომზადებული და ქაღალდზე დაწერილი სამადლობელო ტექსტის ნაკლებობა შეიმჩნევა – გაზეპირებული ფრაზებით. მაგალითად ასეთი: მადლობა დედას, რომელიც მუდამ ჩემს გვერდით დგას, რომ არა ის, მე ამას ვერ მოვახერხებდი. მადლობა მამაჩემს, რომელიც ახლა თავის რანჩოში ცხოვრობს და თხებს უვლის. მადლობა ჩემს პატარა ძამიკოს. მადლობა პარტნიორებს, რომლებთან მუშაობამაც უდიდესი გამოცდილება შემძინა და დაუვიწყარი წუთები მაჩუქა. – მერე ქაღალდს გაშლის და გააგრძელებს – მადლობა სტივენ, რიჩარდ, ჯეკ, მერილ, ჯულია… ამ დროს კი დარბაზში, იგივე ნომინაციაში წარდგენილი უიღბლო ნომინანტი, ჯიბეში ქაღალდს ჭმუჭნის.

ჩემი ამერიკული ოცნებაა რომ “კოდაკის” დარბაზში დამლაგებლად ვმუშაობდე, იქნებ რომელიმე სკამის ქვეშ ან ნაგვის ურნაში ზემოთ ნახსენები ქაღალდები მეპოვნა. ბევრს თუ მოვაგროვებდი მუზეუმს გავხსნიდი, სადაც უიღბლო ნომინანტების დაჭმუჭნულ სამადლობელო სიტვებს გამოვფენდი. მუზეუმი გახდებოდა ძალიან პოპულარული, ეყოლებოდა უამრავი დამთვალიერებელი რისი წყალობითაც ვიშოვიდი ბევრ ფულს და მოვიხვეჭდი სახელს. ოსკარზეც საპატიო სტუმრის სტატუსით მიმიწვევდნენ და მომავალში, “ოსკარების” წინ პოსტის წერის ნაცვლად სმოკინგის შერჩევაზე ვიფიქრებდი ღამ–ღამობით. კარგი იქნება ჩემი ამერიკული ოცნება რეალობა თუ გახდება, მანამდე კი წავალ, მშვიდად დავიძინებ.