Posts tagged ‘ავტობუსი’

მარტი 16, 2011

უცნობი ქალი, რომელიც ვერ გახდა ნაცნობი

ავტორი cdisპიreli

მე და ჰამლეტი ერთად ვისხედით და საუბარი უცნობებზე ჩამოვარდა, როგორც დამპალი ვაშლი ვარდება მიწაზე. რა გავლენა აქვთ უცნობ ადამიანებს ჩვენს ცხოვრებაზე, საიდან მოდიან და სად მიდიან, ან რატომ არ მოდიან? ამ და კიდევ ბევრ კითხვაზე ვცდილობდით პასუხის გაცემას მე და ჰამლეტი. აბა, ჰამლეტი რის ჰამლეტი იქნებოდა, რაიმე ისტორია რომ არ ჰქონოდა თემასთან დაკავშირებით, ისტორია ასეთია:

ჰამლეტი, უცნობი ქალი ავტობუსში და მისი სულელური შეცდომა

2002 წელი იყო. როგორც იქნა ავტობუსი მოვიდა და მეც დიდი გაჭირვებით ავფოფხდი. გამიმართლა და ასასვლელ საფეხურზე მერგო საპატიო ადგილი, მე რა თუ ფაქტიურად ცალ ფეხზე ვიდექი და უცნობი ადამიანი მაწვებოდა თავისი უკანალით –რაც მთავარია ავტობუსში ვიყავი. ავტობუსი დაიძრა, ხალხი ცოტა შეჯანჯღარდა და უფრო თავისუფლად დავდეგი ფეხზე, წელში გაიმართაო რომ ამბობენ ახლად გამდიდრებულ კაცზე, აი, ჩემზეც შეიძლებოდა მაგის თქმა, ოღონდ პირდაპირი გაგებით.

მყარად დავდექი თუ არა ფეხზე, თავი ავწიე და რას ვხედავ – ულამაზესი გოგო დგას ჩემთან ახლოს, საოცრად მშვიდი სახით, ღრმა ჩაფიქრებული ლამაზი თვალებით, ნაზი და გამოკვეთილი ნაკვთიანი სახე ჰქონდა. ლამაზი, სიცივისგან ოდნავ დაშაშრული ტუჩები, პატარა და საყვარელ ყურებს ტალღოვანი თმა უფარავდა. და თითები? მსგავსი სილამაზე არაფერი მინახავს. მის ხელს დიდი ხანი ვაკვირდებოდი, რადგან სკამის საზურგეზე იყო ჩაჭიდებული.

მანამდე ავტობუსში არავინ გამიცვნია, საერთოდ ძნელია ჩემთვის ეგეთი რაღაცეები. არა და მაგ დროს ჯერ კიდევ ყველას არ ჰქონდა მობილური ტელეფონი და გაცნობის ერთ–ერთი საშუალება– რომელი საათია?– ჯერ კიდევ შეიძლებოდა რომ გამომეყენებინა. ახლა ეგ მეთოდი სრულიად გამოუსადეგარი გახდა, მაგრამ რას იზავ, არც მზის საათების დროს იყო მაგის საშუალება. ძალიან მოკლე პერიოდში მოუწია არსებობამ.

ჰოდა, რას ვამბობდი, ის გოგო რომელიც ჩემთვის აქამდე უცნობად დარჩა, დღემდე მახსოვს და ხშირად ვიხსენებ ხოლმე. იქნებ მაშინ გამებედა კიდეც და გამოვლაპარაკებოდი, გავხდებოდით ნაცნობები და ერთად ვიხოვრებდით, მაგრამ დავუნახე რომ თითზე ბეჭედი ეკეთა. აქ შევცდი მწარედ, ამ შეცდომას მერჩივნა ორი ქოთანი მწარე წიწაკა შემეჭამა. შეცდომა კი იქ დავუშვი, რომ ის ბეჭედი ჩვეულებრივი იყო და არა საქორწილო, თან მარცხენა ხელზე ეკეთა, ამას მოგვიანებით მივხდი. მარცხენაზე თუ მარჯვენაზე? აუ, სულ მერევა რა ეგ, ვეღარ დავიმახსოვრე რომელ ხელზე უკეთიათ საქორწილო ბეჭედი.

ამის შემდეგ ჰამლეტი გაუთავებელ წუწუნს მოჰყვა, როგორც სჩვევია, მაშინ რომ გაბედულად მოვქცეულიყავი სხვანაირად წავიდოდა ჩემი ცხოვრებაო, ყვავმა დასჩხავლა ჩემ ბედსო და ა.შ.

არადა სად აღარ შეხვდებით უცნობებს, ყველგან ისინი არიან: ქუჩაში, ბაზარში, კინოში, მაღაზიებში, მატარებელში… ხვალ ქუჩაში გავალ და ისევ შემხვდება, უცნობი ნომრით 1 457 211. ჩემი მეგობრის ბედი რომ არ გავიზიარო, თუკი მეც მომეწონა ვინმე უცნობი ქალი, მივალ და ვეტყი: გამარჯობა, თქვენ “დაპატიმრებული” ხართ ჩემი მეხსიერების მიერ, თქვენი ნომერია ნაცნობი 2 408.