Posts tagged ‘ძეგლი’

მარტი 16, 2011

არა შემთხვევითი პოსტი

by cdisპიreli

ახალგაზრდა წყვილი სკვერში განმარტოებით ისხდნენ სკამზე. ჩვეულებრივი დღე იყო. გოგო ნელ–ნელა სულ უფრო ახლო იწევდა ბიჭისკენ. არც ისე მოულოდნელად ქალის ხელმა ყმაწვილის შარვლის უბის შეხსნა დაიწყო. პირველი ღილი ადვილად შეხსნა, მეორე კი ცოტა გაჯიუტდა და შარვალს მოსწყდა, მაგრამ ვის ჰქონდა ღილის დარდი. მალე ახალგაზრდა წყვილი პრაღაში მდებარე ძეგლს დაემსგავსა.

ბიჭი “გაქვავებას” აპირებდა, როცა თავზე პოლიციელი დაადგათ მკაცრი სახით და ყოველგვარი ჩახველებისა და შესავლების გარეშე “საქმიანობის” შეწყვეტა, ან ტერიტორიის დატოვება მოსთხოვათ. რაღას იზავდნენ, ტანსაცმელი მოიწესრიგეს, ბიჭმა მოწყვეტილი ღილი აიღო და იქაურობას გაეცალნენ.

სახლიდან გამოსული გრიშა თმების სწორებით ჩაუყვა კიბეებს. იმ დღეს პირველად მიდიოდა  პაემანზე. ჯერ გოგოსთვის არ ეკოცნა და ცოტას ღელავდა. მეორე სართულს რომ მიუახლოვდა გრიშას ჩუმი ხმები შემოესმა და შეყოვნდა, ფრთხილად ჩაიხედა დაბლა, სადაც კარებზე მიყრდნობილი ქალ–ვაჟი დაინახა. “აქვე დაგიკერო ღილი თუ სახლში შევიდეთ?”– სიცილით ჰკითხა გოგომ ბიჭს. ბიჭმა არაფერი უპასუხა და ზასაობა გააგრძელა. გრიშას ბევრი პორნო ჰქონდა დაგემოვნებული, მაგრამ რეალურად ნანახმა ვნებიანმა სცენამ ძალიან იმოქმედა მასზე. ერთი დიდი ნერწყვი გადაყლაპა და ხელი შარვლისკენ წაიღო, ღილები შეიხსნა… ამ დროს მისმა ტელეფონმა დარეკა. დაბნეულმა ბიჭმა სასხრაფოდ ამოიღო ხელი ტრუსიკიდან, მერე ტელეფონი ჯიბიდან: “ალო, გისმენთ”, (…), “არა, მე არ ვარ, სხვაგან მოხვდით”. ბედი არ გინდა! ქვევით ჩაიხედა და დაინახა კარები როგორ მოიკეტა. გრიშამ ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და გზა განაგრძო.

გრიშა სკვერში შევიდა, სკამზე დაჯდა და ლოდინი დაიწყო. გოგოც მალე გამოჩნდა. მიესალმნენ ერთმანეთს და საუბარი გააბეს. ასე ისაუბრეს ნახევარი საათი და გოგო წასასვლელად წამოდგა. წასვილ წინ გრიშას გამჭოლი მზერით შეხედა და დამცინავი ტონით უთხრა: “მომავალში, სხვა გოგოს როცა შეხვდები, შარვალზე ღილების შეკვრა არ დაგავიწყდეს. სასაცილო ტიპი კი ხარ ისე, მაგრამ მე აღარ მომწერო”.

ჩაფლავებული პირველი პაემნის შემდეგ გრიშამ ყურსასმენები გაიკეთა და სახლისკენ წავიდა. ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს მაგრად იყო ნაცემი. ამ გრძნობას ის სიმღერაც უძლიერებდა, რომელსაც უსმენდა – Maroon 5 – Misery. იგი იმდენად გაითიშა, ქუჩის გადაკვეთისას თვალის დახამხამება ვერ მოასწრო, ისე დაეჯახა მანქანა.

თვალი რომ გაახილა პირველად ნათურის შუქი გაარჩია და მხოლოდ ამის შემდეგ ახალგაზრდა ექთანი გოგონას სახე, რომელიც ეშმაკურად უღიმოდა და ეუბნებოდა,– “ყველაფერი კარგად იქნება”, – ექთანში მან დღისით კიბეებზე, კარებზე აკრული ქალის სახე ამოიცნო.

არა, მოთხრობების წერა არ დამიწყია, უბრალოდ ერთ ფილმზე მინდოდა მომეყოლა და ერთგვარი ჟურნალი შემოგთავაზეთ. თავად ფილმი ფრანგული გახლავთ, The Beating of the Butterfly’s Wings, ჟანრი: კომედიური მელოდრამა. ფილმს არც ვნახავდი რომ არა ოდრი ტოტუ. ფილმი 2000 წელს გამოვიდა კინოეკრანებზე, მაშინ როცა ოდრი ტოტუ, ჯერ არ იყო ამელი, საიდანაც ყველას შეგვაყვარა თავი, ამ მართლაც გენიალური ფილმიდან.

მინდა გითხრათ, რომ ჩემ მიერ მოყოლილი ჟურნალის სიუჟეტი პირდაპირ ეხმიანება ფილმის სიუჟეტს. ანუ, ფილმის რეჟისორს სურს დაგვარწმუნოს იმაში, რომ შემთხვევითობა არ არსებობს, სამყარო დეტერმინისტულია, ყველაფერი ერთმანეთზეა გადახლართული და ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალმაც კი შესაძლოა მთლიანად შეცვალოს ადამიანის ცხოვრება, თუნდაც ისეთი დაუჯერებელი რამ, როგორიც პეპლის მიერ მსუბუქად მოქნეული ფრთების გამო ამოვარდნილი ქარბუქია. ამ თემაზე უამრავი თეორია არსებობს, როგორიცაა “ქაოსის თეორია”, “პეპლის ეფექტი”, “დომინოს პრინციპი”.

რადგან შესავალი დიდი გამომივიდა, ფილმზე ბევრს აღარ დავწერ, პრინციპში სათქმელიც ბევრი არაფერია. მართალია ცუდი საცქერი ნამდვილად არ არის, მაგრამ არც შედევრია – საშუალო დონის ფილმია. ჩემი შეფასებაა 6/10. (იხილეთ ფილმი ონლაინში)

პ.ს. იმედია, ამ პოსტის წაკითხვა რაიმე უარყოფით გავლენას არ იქონიებს მკითხველებზე. გამიხარდება პირიქით თუ იქნება, მაგალითად კითხვის დროს გვერდით მდგარი ცხელი ყავის არსებობა თუ დაგავიწყდათ და ენის დაწვას გადაურჩით.