Posts tagged ‘სტატისტიკა’

მარტი 14, 2011

314 სიტყვა პი–ს შესახებ

by cdisპიreli

ზოგჯერ, იმდენად ვკადნიერდები, მგონია რომ ნებისმიერ ერთ სიტყვაზე შემიძლია პოსტის დაწერა, ხშირად კი გაყინულ თევზს ვემსგავსები და ცარიელი თვალებით ვიყურები აქეთ–იქით. აი, დღეს პი–ს დაბადების დღეა და ვერაფრით ვახერხებ მილოცვას. მეჩვენება, თითქოს სადაცაა “კრაკადილი” გენა მოვა, გადამყლაპავს, მერე ჩემი მონელების პროცესში ნიანგის ცრემლებს დაღვრის და თან ცნობილ სიმღერას იმღერებს ირონიული ტონით და ნიშნისმოგებით: сожалению день рождения, только раз в году. ორიოდე სიტყვით მაინც უნდა მივულოცო პი–ს თორემ მოვიდა ნიანგი.

დავიწყოთ იქიდან, თუ რატომ არის დღეს პი–ს იუბილე. კალენდარს შევხედოთ და ვნახოთ რა თარიღია: 14 მარტი. ახლა ეს თარიღი ციფრებით დავწეროთ: 3.14 –გამოვიდა პი. უფრო მეტი სიზუსტისთვის შეგვიძლია დაბადების ზუსტი დრო დავადგინოთ, (შემდეგი სამი ციფრი წერტილის შემდეგ) ეს არის 1.59 საათი. შევაჯამოთ: პი დაიბადა – 3.14 1: 59. გილოცავ, პი!!!

მინდოდა უფრო სხვანაირი ტორტი მომერთმია, მაგრამ შენ ისეთი ასაკოვანი ხარ, (სამიანის შემდეგ რა რიცხვიც არის ეგ არის პის წლოვანება) რომ მაგ რაოდენობის სანთელს ვერანაირი ზომის ტორტში ვერ ჩავარჭობდი. ყოველწლიურად ცდილობენ პის გამოთვლას და ახალ–ახალ რეკორდს ამყარებენ, მაგრამ ჯერ ვერავინ მოახერხა ბოლომდე გამოთვლა. ბოლო რეკორდი 5 ტრილიონი ციფრია, რომლის გამოსათვლელადაც ძალზედ მძლავრი კომპიუტერი გამოიყენეს. კომპიუტერს ოპერატიული მეხსიერაბა 97 GB ჰქონდა.

ამ დღეებში დარენ არონოვსკის ფილმი “პი” ვნახე, სადაც მთავარ გმირს სჯერა, რომ ნებისმიერი ინფორმაცია ციფრებშია დაშიფრული, რატომაც არა, სრულიად შესაძლებელია. საერთოდ ჩემთვის ძალიან საინტერესოა რიცხვები, სტატისტიკა, თვლა და ყველაფერი რაც რიცხვებთანაა დაკავშირებული.

მაშინ, როცა მსოფლიო ტუალეტის დღეს აღნიშნავს, ერთი თვლის დღე არ უნდა გვქონდეს?! წელიწადში ერთი დღე მთლიანად თვლას უნდა ეთმობოდეს, დავთვალოთ ყველაფერი: კიბეების საფეხურები, (რომელზეც შეიძლება წლებია დავდივართ და არ ვიცით რამდენი საფეხურია) საყვარელი ადამიანის პერანგის ღილების რაოდენობა არ უნდა ვიცოდეთ? (გასაგებია, თუ ვეღარ ითმენ სულაც შემოახევ ყველაფერს, მაგრამ მაინც) საკუთარი წიგნების გვერდების საერთო რაოდენობა, სახლის კედლებზე ჩაამოკიდული სურათების რაოდენობა, მე, მაგალითად მაინტერესებს გარი კასპაროვის მიერ ნათამაშებ საჭადრაკო პარტიებში რამდენი თეთრი ფერის, შავ უჯრებზე მოძრავი კუ იქნა მოკლული და ა.შ. პის გამოთვლას მაინც ვერ ვახერხებთ და ასეთი რაღაცეები მაინც დავთვალოთ.

ბოლოს კი ჩემი ცხოვრების ძალიან პირად ამბებს გაგიმხელთ, ჩემს მიერვე შექმნილი ფილმის საშუალებით. ამ ფილმში თქვენ ნახავთ ყველაფერს რაც აქამდე გადამხდენია:

Advertisements