Posts tagged ‘რობერტ ლუის სტივენსონი’

თებერვალი 16, 2011

შეშლილთა ალქიმია

by cdisპიreli

ნახევრად ჩაბნელებული ოთახი, მაგიდა, ერთი სკამი, საწოლი, წიგნის თაროები წიგნებით და დიდი არეულობა. საწოლი ასალაგებელი და ერთმანეთში ახლართული ჭუჭყისგან გაშავებული შავი ზეწარი. მაგიდაზე ლამპა იდგა გაბოლილი შუშით, იქვე გასარეცხი თეფში – ეტყობოდა რომ კარგად მოელოკათ, მაგრამ ნარჩენებისგან ზოლები მაინც დარჩენილიყო. მაგიდაზე პურის ნამცეცები ეყარა, რომელსაც ისეთი უცნაური ფერი ჰქონდა, ჩიტიც არ იკადრებდა ნისკარტის გასვრას. წითელი ტყემლის ბოთლი, უსახურავოდ და გვერდებზე ჩამოსული ტყემლის წვეთებით. იატაკზე “პლიტა” იდგა, ბევრ ადგილას გადაბმული სპირალით.

ჩემი სამუშაო კაბინეტი.

კიდევ ბევრი დეტალი მახსოვს ოთახთან დაკავშირებით, მაგრამ საკმარისია, ან რა დამავიწყებდა. ყველაფერი კარგად მახსოვს თავის ცოტა არ იყოს და უცნაურ პატრონთან ერთად. ისეთი ტიპი იყო, ხალხი რომ ამბობს: ბევრი ცოდნისგან გარეკაო. შეიძლება მართლა უბერავდა – სიცოცხლის გახანგრძლივების იდეები აწუხებდა, მეცნიერებაში გადატრიალების მოხდენა სურდა. მასთან ათიოდე წლის წინ ვიყავი – პირველად და უკანასკნელად. ახლა ისიც არ ვიცი, ცოცხალია თუ არა.

 

მართალია თქვენ ამ პიროვნების ცნობის ბედნიერება არ გქონიათ, მაგრამ რობერტ ლუის სტივენსონს ხომ იცნობთ, მეც მასზე განვაგრძობ წერას. ცნობილი შოტლანდიელი მწერალი, ინგლისური ნეორომანტიზმის წარმომადგენელი, ავტორი წიგნისა “განძთა კუნძული” და არა მარტო. ცოტა ხნის წინ მისი წიგნი, “ექიმ ჯეკილის და მისტერ ჰაიდის უცნაური ისტორია” წავიკითხე. ექიმ ჯეკილს უცნაური იდეები “აწუხებდა”. მას სჯეროდა, რომ ადამიანში თანაბრად არსებობდა ბოროტება და სიკეთე, უბრალოდ ზოგი კეთილ საწყის უფრო მეტად ანვითარებდა საკუთარ თავში, ბოროტების დათრგუნვის გზით – ზოგი პირიქით. ჯეკილმა გადაწყვიტა ისეთი წამალი დაემზადებინა, რომლის საშუალებითაც ადამიანიდან მთლიანად გამოეყოფოდა ბოროტება და ამ გზით შეძლებდა მის მართვას.

აქ მივხვდი, რომ რაღაც ასეთი მეც უნდა გამეკეთებინა! რითი ვარ ნაკლები ექიმ ჯეკილზე, წითელი ტყემალი კი მეც მიყვარს.  ბლოგი ზუსტად რომ ექსპერიმენტის განსახორციელებლად მჭირდება.

ასე, რომ ვინც ჯერ კიდვ ვერ მიხვდა თუ რა მიზანს ემსახურება ეს ბლოგი, ვეცდები უფრო გასაგებად განვმარტო.

თქვენ სტივენსონთან ერთად პატრიკ ზიუსკინდიც გეცოდინებათ მისი პარფიუმერით. ჟან–ბაპტისტ გრენუი – მკვლელი, სურნელების შემგროვებელი, გამაოგნებელი ძალის სუნამოს შემქმნელი. მოკლული ქალების სხეულიდან აღებული სურნელების შეერთებით სასწაული რომ მოახდინა. მეც დაახლოებით მსგავსი რამის გაკეთებას ვგეგმავ, თუმცა ადამიანების დახოცვას არ ვაპირებ. ჩემი ინტერესების სფეროშია აზრები, ფიქრები, ემოციები, გრძნობები, რომლებიც თქვენშია. ჯონ მალკოვიჩი არ ვარ და ადამიანის თავში შეღწევა არ შემიძლია, სამაგიეროდ სხვა საშუალებები მოვიფიქრე.

ამ წუთისთვის ჩემს ლაბორატორიაში, თაროებზე უამრავი ცარიელი სინჯარა დევს და მოუთმენლად ელიან თუ როდის აივსებიან ფერადი სითხეებით. სითხის მიღების წესი ასეთია:

  • უნდა ვიფიქრო ისე და განვიცადო ყველა ის გრძნობა რასაც განიცდის სხვა, ძალიან ბევრი, სხვადასხვა ტიპის და ხასიათის ადამიანი. (მაგალითად სნობი, ინტელიგენტი, სულელი, ლიბერალი, მხიარული, სევდიანი, თინეიჯერი გოგო, გასათხოვარი ქალიშვილი, სექსუალური უმცირესობების დამცველი, მაზოხისტი, სექსუალური მანიაკი, მელომანი, წიგნის მოყვარული, მთავრობის ჯამბაზი და ა.შ. ძალიან ბევრია).
  • მარტო ფიქრი და განცდა საკმარისი არ არის, აუცილებელია ამ ყველაფრის დაწერა.
  • შემეძლო მარტო ჩემთვის მეწერა პირად რვეულში, მაგრამ სასიცოცხლოდ საჭიროა მკვითხველი, რომელიც წაიკითხავს ჩემს ნააზრევს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯადოსნურ სითხეს ვერ დავამზადებ.
  • ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების შედეგად მივიღებ სხვადასხვა კომბინაციის პი–ებს, რომლებსაც განსაკუთრებული წესით შევურევ ჩემს “ფირმის საიდუმლოებას” და დავამზადებ სითხეს. (მაგალითად, ლიბერალური პოსტების გარკველი რაოდენობით დაწერის შემდეგ მივიღებ სითხეს “ლიბერალი”, რომელიც ჩაისხმება სინჯარაში წარწერით “ლიბერალი”, სნობური პოსტების შემდეგ მიიღება სითხე “სნობი” და ა.შ.).

ბოლოს მოხდება მთავარი – შეგროვილ სითხეებს ერთად ჩავასხამ დიდ ყანწში და დავლევ!!! ამით ჩემში ჩაიღვრება უამრავი ტიპაჟის, ხასიათის და აზროვნების მქონე ადამიანების ფილოსოფიური სუბსტანცია – გავხდები ერთდროულად ბევრი თქვენგანის მსგავსი და ჭეშმარიტად თავისუფალი ადამიანი.

საკუთარი თავისგან გათავისუფლება

 

Advertisements