Posts tagged ‘პენისი’

თებერვალი 18, 2011

მინდა მთელი მსოფლიო ჩემ სიზმარს ხედავდეს

by cdisპიreli

ანინამ დაწერა პოსტი “რაც მინდა“, სურვილების მოკლე ჩამონათვალი, ბოლოს იკითხა, შეგიძლიათ თითო სურვილი თქვენც დაწეროთო? როგორ არა, ოღონდ ერთი სურვილი ძალიან ცოტაა, აამიტომ აქ დავწერ რამდენიმეს. თან მინდა სხვას მივბაძო, თორემ სინჯარა წარწერით “მიმბაძველი” ნაბახუსევზე მყოფი კაცივით პირგამომშრალი შემომყურებს.

მას აშე, უკაცრავად, მაშ ასე!

მინდა სალვადორ დალის ბუზები, ულვაშებზე რომ ესხდნენ, ახლა ჩემს ოთახში დაფრინავდნენ.

მინდა თელონიუს მონკი ჩემ ხელმარცხნივ მდგარ პიანინოსთან იჯდეს და უკრავდეს.

მინდა სეიფის კოდი ვიცოდე და არ ვიცოდე იქ რა დევს.

მინდა ათეისტებით სავსე დიდ ყვითელ ავტობუსს, დიდად მორწმუნე მართლმადიდებელი მძღოლი მართავდეს, რომელიც ყველა ეკლესიის დანახვაზე პირჯვარს იწერს. (იქნებ როგორმე ხევში გადაიჩეხოს ავტობუსი და აბსოლიტურად ყველამ სხეულის მოტეხილობები მიიღონ, თორემ გაბურღეს ტვინი ცალკე სამარხვო ხაჭაპურებით და ცალკე ამ ხაჭაპურებზე კაიფით).

მინდა კარგად დაიმახსოვროთ, რომ იარაღი ყვავილებს არ ისვრის.

აკვარიუმი მინდა ოქროს თევზებით.

ჯომოლუნგმას დაპყრობა მინდა.

ალუბალიც მინდა.

მინდა დრო იყოს ჩემი საყვარელი და ყოველთვის უხვად მასაჩუქრებდეს მისთვის დახარჯული დროის სანაცვლოდ.

ქუჩაში მომავალი ლამაზი, გრძელთმიანი გოგოს გამოჩენაზე მინდა ქარი უბერავდეს.

როცა მოვკვდები მინდა, რომ წიგნებისგან შეკრულ კუბოში ჩამასვენონ და დამწვან.

მინდა პირი ამოვიკერო.

მინდა ისე მიყვარდეს რომ მისთვის მხოლოდ ყურის მოჭრით არ დავკმაყოფილდე, მინდა მისთვის პენისი მოვიჭრა.

მინდა სახლში ქართულად მოსაუბრე თუთიყუში მყავდეს, რომელსაც ზეპირად ეცოდინება მთელი ვიკიპედია.

ცოტა ხნით მინდა გოგი გვახარიას სათვალეებით ვუცქირო ცხოვრებას.

მინდა ცუდად გავხდე და საავადმყოფოში სექსუალური ექთანი მივლიდეს.

მინდა მუდმივად ვიცვლებოდე.

მინდა მწვანე თოვლი ცვიოდეს ციდან.

ყველა ჟღალთმიანი ქალის სურნელი მინდა.

მინდა ოკეანეში ერთი კონკრეტული ვეშაპის საძიებლად გავცურო საკუთარი ფრეგატით.

ყოველ ღამით ჩაის აბაზანები მინდა.

კატლეტი მინდა კართოფილის პიურეთი.

მინდა იმდენად ჭკვიანი ვიყო, ან სულელი, რომ არაფერზე არ ვდარდობდე.

მინდა ოთხჯერ მოვიკლა თავი.

შენთან მინდა.

მინდა მთელი დედამიწა ჩემ სიზმარს ხედავდეს და როგორ კრისტოფერ ნოლანის ფილმშია (inception) ადამიანების თავში იდეის ჩანერგვა შემეძლოს.

მინდა მზერით აფეთქება შემეძლოს.

ჩარლზ ბუკოვსკი ამბობს: “სიყვარული, გავიფიქრე აბაზანისკენ მიმავალმა, უფრო მალე შრება ვიდრე სპერმა” – მინდა პირიქით იყოს.

მინდა რომ აქ ჩამოთვლილი სურვილებიდან ყველა არ მინდოდეს.

Advertisements