Posts tagged ‘მბეჭდავი ქალი’

მარტი 16, 2011

საბეჭდი მანქანა

by cdisპიreli

ილუსტრაციამ შთამაგონა. შევხედე თუ არა თავში საბეჭდი მანქანის კლავიშების კაკუნის ხმა გაისმა. დაუნდობლად ამუშავდა მანქანა. მომეჩვენა რომ კლავიშზე ხელის დარტყმით წამომართული რკინის სვეტის მაგივრად, რომელიც ქაღალდზე ანაბეჭდს ტოვებს, ძველებური ქვის სასროლი მანქანები მიშენდნენ დიდ ლოდებს. ასოების ნაცვლად მანქანა ლოდებს მესროდა. ქვები “ბრძოლის ველზე” დაცემისთანავე სკდებოდნენ და მელნად იღვრებოდნენ. ყველაფერი მელნისფრად შეიღება. გააფრთრებული ბძოლისას, ჩემი ტვინი, ცდილობდა დროულად შეეშრო მელანი და ყველა ფიქრი სწორად აღებეჭდა ზედაპირზე, მაგრამ შეუჩერებელი მელნის ტალღები ძველს შლიდა და ახალს წერდა. ახლა კომპიუტერის კლავიატურაზე კაკუნით ვცდილობ ცოტაოდენი ვირტუალური მელანი აქ გადმოვღვარო და იქნებ როგორმე ვიხსნა ტვინი მელანში ჩაძირვისგან.

ჯერ ბავშვობა გამახსენდა. სკოლიდან დედაჩემის სამსახურში მივდიოდი, მინიმუმ ორი ხუთიანით ჩანთაში, მორცხვად შევდიოდი ოთახში და თუ საშუალება იყო დედის მაგიდასთან ვჯდებოდი – დიდი, შავი საბეჭდი მანქანის წინ. ფეხებს მაგიდის ქვეშ სკივრზე ვაწყობდი (სკივრში ზოგჯერ საჭმელიც ინახებოდა) და უმისამართოდ ვაბღარტუნებდი თითებს კლავიშებზე. გავიდა დრო და მთელი მსოფლიო საბეჭდი მანქნიდან კომპიუტერზე გადაჯდა.

არა და საბეჭდმა მანქანამ ფასდაუდებელი ღვაწლი გასწია XX საუკუნეში. ის ყვალა დაწესებულების აუცილებელი ატრიბუტი იყო. ამ დროს გაჩნდა ახალი, მბეჭდავის პროფესია, რომელიც მთლიანად ქალების საქმედ იქცა. მე თუ მკითხავთ ქალების სამზარეულოდან საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსვლას საბეჭდმა მანქანებმა ძალიან შეუწყეს ხელი, ყოველ შემთხვევაში გარკვეული წვლილი ნამდვილად მიუძღვით. (გაგეცინებათ და თავიდან ფიზიოლოგები ფიქრობდნენ, რომ მანქანაზე ბეჭვდა პრობლემებს შეუქმნიდა ქალს მშობიარობის დროს).

ასევე გასული საუკუნის ძირითადი ლიტერატურული ნაწარმოებებიც საბეჭდ მანქანაზე კაკუნით შეიქმნა. მართალია გრაფომან მწერლებს ხელით წერა ერჩივნათ, მაგრამ ბევრსაც შეუყვარდა იგი. როგორც ამბობენ საბეჭდი მანქანის ხმა, ნიცშეს თავის ტკივილზე ტკივილგამაყუჩებელივით მოქმედებდა.

საინტერესოა რა გავლენას ახდენს ლიტერატურაზე წერის სხვადასხვა საშუალებები. გასაგებია რომ გადამწყვეტი ის ეპოქაა რა ეპოქაშიც მწერალი ცხოვრობს, მაგრამ რაღაც ვერ წარმომიდგენია დენ ბრაუნის მიერ ბატის ფრთით დაწერილი რომანი. ფაქტია რომ კომპიუტერმა კიდევ უფრო ააჩქარა ტექტსის აკრეფვის ტემპი და შესაძლოა ეს ქვეცნობიერად ცვლის კიდეც ტექსტის შინაარს. მოკლედ, არ ვიცი.

რაც ვიცი იმას ვიტყვი: კარგი იქნებოდა ერთი ჯადოსნური საბეჭდი მანქანა მქონდეს, ისეთი, მასზე რა სიტყვებსაც ავრეფდი, წინასწარ ჩაფიქრებული ადამიანის სხეულზე ჩნდებოდეს – კარგად გავერთობოდი. მაგალითად რომელიმე უნამუსო პოლიტიკოსი ტელევიზიით პირდაპირ ეთერში მორიგი ტყუილების ლაპარაკს რომ მოჰყვებოდა, ამ დროს შუბლზე ამოვუბეჭდავდი: – იტყუება! გარდა ამისა, უცნობ ქალს ფეხის თითებზე დავაწერდი – მიყვარხარ! მეც იგივეს დავიწერდი და ამის წყალობით ადვილად მოვძებნიდით ერთმანეთს. მასთან შეხვედრისას ერთმანეთს ფეხისგულებს მივადებდით, როგორც ეს კურ ვონეგუტის წიგნშია (“აკვანი კატისთვის”) და ამ რიტუალით ჩვენს შორის დამყარდებოდა იდეალური და ჰარმონიული სასიყვარულო ურთიერთობა, რისი გამომწვევი ერთ–ერთი მნიშვნელოვანი დეტალი თითებზე დაწერილი სიტყვები იქნებოდა. (არა რა, ერთი საბეჭდი მანქანა ნამდვილად მჭირდება).