Posts tagged ‘ვალენტინობა’

თებერვალი 14, 2011

კალენდარი “ვალენტინობა”

by cdisპიreli

არაფერს დავწერდი ვალენტინობაზე, რომ არა ექსპერიმენტი, მაგრამ საჭიროა დღეს რომანტიკოსის როლი ვითამაშო.

ამ პოსტის კითხვისას დავფიქრდი თუ რა საჩუქარი შეიძლება მიუძღვნა შეყვარებულს ვალენტინობა დღეს. დავფიქრდი და თავში პირველი რაც მომივიდა, ეს იყო კალენდრის იდეა, რომელზეც ყველა დღე 14 თებერვალი იქნებოდა. საოცარი მისტიკაა. ბევრისგან მსმენია – რა საჭიროა ერთი კონკრეტული დღის აღნიშვნა, სიყვარულის დღე სულ არისო – პრინციპში მეც ვეთანხნები ამ აზრს, მაგრამ რა დაშავდება თუ წელიწადის 365 დღიდან ერთს განსაკუთრებულად ავღნიშნავთ? ერთფეროვნება ხომ მოსაწყენია, ადამიანებს კი გასართობი მუდმივად სჭირდებათ. ერთი ნაწილი დღესასწაულების აღნიშვნით ერთობა, მეორე ნაწილი დღესასწაულებზე ქილიკით იქცევს თავს – საბოლოო ჯამში ორივე ერთობა. ასე რომ მათ შორის იმდენივე მსგავსებაა, რამდენიც განსხვავება.

ამიტომაც, გადავწყვიტე ჩემივე იდეა განმეხორციელებინა და სასიყვარულო კალენდარი გამეკეთებინა (სხვათა შორის ძალიანაც გავერთე). დაუსრულებელი ვალენტინობის შესაქმნელად გამოვიყენე პროგრამა “ექსელი”, ონლაინ “ფოტოშოპი” და ინტერნეტში მოძიებული ილუსტრაცია.

შემიძლია ახლა აქ ცნობილი ადამიანების ფრაზები მოვიტანო სიყვარულის რაობაზე, ვთქვა რომ სიყვარული სიგიჟეა, სხვაში კვდომაა, დაავადება თავისთვის დამახასიათებელი სტადიებით და ა.შ. შემიძლია რაიმე ფილმიდან, წიგნიდან, ან რეალური ცხოვრებიდან დიდი სიყვარულის მაგალითებზე ვისაუბრო, მაგრამ არ ვისაუბრებ. ილუსრაციის კუთხეში კარგად თუ დააკვირდებით საინტერესო ფრაზას ამოიკითხვთ – ვფიქრომ ეგეც საკმარისია.

მგონი, პირნათლად შევასრულე რომანტიკოსის როლი და დღის მეორე ნახევარში შემიძლია ვიქილიკო კიდეც ვალენტინობაზე.

 

Advertisements
თებერვალი 12, 2011

სიყვარული ელექტრონულ სავარძელზე

by cdisპიreli

 

გუშინ გუგლმა მაცნობა, თომას ედისონის დაბადების დღეა დღესო. გადავხედე ამ პიროვნების ბიოგრაფიას და ჩემთვის აქამდე უცნობი ფაქტი აღმოვაჩინე – ელექტრონული სკამი, თურმე ედისონის გონებიდან აღმოცენებულა.

როგორც გავიგე, ელექტრონული სკამის გამოგონება ადამიანის ჰუმანურად მოკვდინების იდეას ემსახურებოდა. არა რა, ადამიანები რაღაცნაირი, საყვარლად კეთილები ვართ. ეს, ადამიანის უმტკივნეულოდ მოკვლისკენ სწრაფვაში კარგად ჩანს. სხვათა შორის თავის დროზე გილიოტინის გამოგონებაც ამ მიზანს ემსახურებოდა.

გავიდა დრო. ელექტრონული სკამით აღსრულებული განაჩენი თანამედროვე სტანდარტებს აღარ შეესაბამება. დღეისთვის რამე უფრო ჰუმანურის მოფიქრებაა საჭირო, იმისათვის რომ კიდევ უფრო “საყვარლები” გავხდეთ. მოიგონეს კიდეც – სასიკვდილო ინექცია. თუმცა, როგორც ირკვევა არც ეს მეთოდია ბოლომდე დახვეწილი. აი, რას ამბობს ერთ–ერთი სიკვდილმისჯილის ინტერესების დამცველი:

“საკუთარი თვალით ვუყურე ორსაათიან დრამას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის წამება დღის ორ საათზე დაიწყო. ჯალათებმა ვერ იპოვეს ვენა, საიდანაც მსჯავრდებულის ორგანიზმში მომაკვდინებელი ინექცია უნდა შეეყვანათ. საქმე იქამდე მივიდა, რომ სიკვდილმისჯილმა მათ დახმარება თავად შესთავაზა. მან მკლავზე რეზინი თავად გადაიჭირა და კუნთი მაქსიმალურად დაჭიმა, თუმცა ციხის ჯალათებმა ვენაში წამლის შეშვება მაინც ვერ მოახერხეს. ამის შემდეგ რომელ ბრუმმა საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა, საწოლზე გადაბრუნდა და ტირილი დაიწყო.”

ციტატა მოყვანილია გაზეთიდან “24 საათი”.

საქმე იქამდე მივიდა, რომ სიკვდილით დასჯა რამდენიმე დღით გადაიდო, პატიმარს კი ციხის უფროსმა მადლობა გადაუხადა გამოჩენილი მამაცობისთვის. (არაფერს, რისი მადლობა)

კადრი ფილმიდან “ორნი ქალაქში”. ალენ დელონის გმირის გამოხედვა სიკვდილით დასჯის წინ.

ახლა კი გადავიდეთ მთავარზე. განაჩენი გამოტანილია, გასაჩივრებას არ ექვემდებარება და საჭიროა მისი დაუყოვნებლივ აღსრულება. სიკვდილმისჯილი გახლავთ სიყვარული. ბევრი ვიფიქრე თუ, რომელი ხერხით მომეკვდინებინა ის. მე სულაც არ ვარ “საყვარელი” ადამიანი და ჩემთვის უკეთესია რაც უფრო ვანდალურად დავსჯი მას, მაგრამ ცეცხლზე დაწვა, ძელზე გასმა, შუაზე გახლეჩა და ჩამოხრჩობა არ მაწყობს. საბოლოოდ მაინც ელექტრონულ, ამ შემთხვევაში, სავარძელზე (აბა, უბრალო სკამზე ხომ არ დავსვავ სიყვარულს!) შევაჩერე ჩემი არჩევანი.

მოემზადეთ! სულ მალე გადმოვწევ ჩამრთველს, მანამდე კი მცირე დრო მივეცი სიყვარულს თავის მოსაწესრიგებლად. იმედია, მარიამ სტიუარტივით რამდენიმე საათი არ იტრიალებს სარკის წინ და წითელ კაბას არ ჩაიცვამს, აქაოდა სისხლმა არ დამისვაროს კაბა და ულამაზოდ არ გამოვჩნდეო. აქ სისხლები ნაკლებად იქნება. აი, დუჟი კი გადმოუვა პირიდან. კარგად მახსოვს, პირველი სიყვარული რომ დავსვი ელექტრონულ სავარძელზე, მაშინ ბევრი დუჟი გადმოუვიდა.

რა მოხდა? რა გაკვირვებული მიყურებთ. თითქოს თქვენ არ გყავდეთ მოკლული სიყვარული. საკმარისია, თქვენთვის აღარ მცალია, ის უკვე სავარძელში ზის. ბოლო სიტყვის თქმის უფლებას ვაძლევ – ის დუმს. კარგი, დროა ჩამრთველი გადმოვწიო…

პ.ს. პოსტი ეძღვნება ვალენტინობის დღეს.