Posts tagged ‘ექსპერიმენტი’

თებერვალი 16, 2011

შეშლილთა ალქიმია

by cdisპიreli

ნახევრად ჩაბნელებული ოთახი, მაგიდა, ერთი სკამი, საწოლი, წიგნის თაროები წიგნებით და დიდი არეულობა. საწოლი ასალაგებელი და ერთმანეთში ახლართული ჭუჭყისგან გაშავებული შავი ზეწარი. მაგიდაზე ლამპა იდგა გაბოლილი შუშით, იქვე გასარეცხი თეფში – ეტყობოდა რომ კარგად მოელოკათ, მაგრამ ნარჩენებისგან ზოლები მაინც დარჩენილიყო. მაგიდაზე პურის ნამცეცები ეყარა, რომელსაც ისეთი უცნაური ფერი ჰქონდა, ჩიტიც არ იკადრებდა ნისკარტის გასვრას. წითელი ტყემლის ბოთლი, უსახურავოდ და გვერდებზე ჩამოსული ტყემლის წვეთებით. იატაკზე “პლიტა” იდგა, ბევრ ადგილას გადაბმული სპირალით.

ჩემი სამუშაო კაბინეტი.

კიდევ ბევრი დეტალი მახსოვს ოთახთან დაკავშირებით, მაგრამ საკმარისია, ან რა დამავიწყებდა. ყველაფერი კარგად მახსოვს თავის ცოტა არ იყოს და უცნაურ პატრონთან ერთად. ისეთი ტიპი იყო, ხალხი რომ ამბობს: ბევრი ცოდნისგან გარეკაო. შეიძლება მართლა უბერავდა – სიცოცხლის გახანგრძლივების იდეები აწუხებდა, მეცნიერებაში გადატრიალების მოხდენა სურდა. მასთან ათიოდე წლის წინ ვიყავი – პირველად და უკანასკნელად. ახლა ისიც არ ვიცი, ცოცხალია თუ არა.

 

მართალია თქვენ ამ პიროვნების ცნობის ბედნიერება არ გქონიათ, მაგრამ რობერტ ლუის სტივენსონს ხომ იცნობთ, მეც მასზე განვაგრძობ წერას. ცნობილი შოტლანდიელი მწერალი, ინგლისური ნეორომანტიზმის წარმომადგენელი, ავტორი წიგნისა “განძთა კუნძული” და არა მარტო. ცოტა ხნის წინ მისი წიგნი, “ექიმ ჯეკილის და მისტერ ჰაიდის უცნაური ისტორია” წავიკითხე. ექიმ ჯეკილს უცნაური იდეები “აწუხებდა”. მას სჯეროდა, რომ ადამიანში თანაბრად არსებობდა ბოროტება და სიკეთე, უბრალოდ ზოგი კეთილ საწყის უფრო მეტად ანვითარებდა საკუთარ თავში, ბოროტების დათრგუნვის გზით – ზოგი პირიქით. ჯეკილმა გადაწყვიტა ისეთი წამალი დაემზადებინა, რომლის საშუალებითაც ადამიანიდან მთლიანად გამოეყოფოდა ბოროტება და ამ გზით შეძლებდა მის მართვას.

აქ მივხვდი, რომ რაღაც ასეთი მეც უნდა გამეკეთებინა! რითი ვარ ნაკლები ექიმ ჯეკილზე, წითელი ტყემალი კი მეც მიყვარს.  ბლოგი ზუსტად რომ ექსპერიმენტის განსახორციელებლად მჭირდება.

ასე, რომ ვინც ჯერ კიდვ ვერ მიხვდა თუ რა მიზანს ემსახურება ეს ბლოგი, ვეცდები უფრო გასაგებად განვმარტო.

თქვენ სტივენსონთან ერთად პატრიკ ზიუსკინდიც გეცოდინებათ მისი პარფიუმერით. ჟან–ბაპტისტ გრენუი – მკვლელი, სურნელების შემგროვებელი, გამაოგნებელი ძალის სუნამოს შემქმნელი. მოკლული ქალების სხეულიდან აღებული სურნელების შეერთებით სასწაული რომ მოახდინა. მეც დაახლოებით მსგავსი რამის გაკეთებას ვგეგმავ, თუმცა ადამიანების დახოცვას არ ვაპირებ. ჩემი ინტერესების სფეროშია აზრები, ფიქრები, ემოციები, გრძნობები, რომლებიც თქვენშია. ჯონ მალკოვიჩი არ ვარ და ადამიანის თავში შეღწევა არ შემიძლია, სამაგიეროდ სხვა საშუალებები მოვიფიქრე.

ამ წუთისთვის ჩემს ლაბორატორიაში, თაროებზე უამრავი ცარიელი სინჯარა დევს და მოუთმენლად ელიან თუ როდის აივსებიან ფერადი სითხეებით. სითხის მიღების წესი ასეთია:

  • უნდა ვიფიქრო ისე და განვიცადო ყველა ის გრძნობა რასაც განიცდის სხვა, ძალიან ბევრი, სხვადასხვა ტიპის და ხასიათის ადამიანი. (მაგალითად სნობი, ინტელიგენტი, სულელი, ლიბერალი, მხიარული, სევდიანი, თინეიჯერი გოგო, გასათხოვარი ქალიშვილი, სექსუალური უმცირესობების დამცველი, მაზოხისტი, სექსუალური მანიაკი, მელომანი, წიგნის მოყვარული, მთავრობის ჯამბაზი და ა.შ. ძალიან ბევრია).
  • მარტო ფიქრი და განცდა საკმარისი არ არის, აუცილებელია ამ ყველაფრის დაწერა.
  • შემეძლო მარტო ჩემთვის მეწერა პირად რვეულში, მაგრამ სასიცოცხლოდ საჭიროა მკვითხველი, რომელიც წაიკითხავს ჩემს ნააზრევს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯადოსნურ სითხეს ვერ დავამზადებ.
  • ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების შედეგად მივიღებ სხვადასხვა კომბინაციის პი–ებს, რომლებსაც განსაკუთრებული წესით შევურევ ჩემს “ფირმის საიდუმლოებას” და დავამზადებ სითხეს. (მაგალითად, ლიბერალური პოსტების გარკველი რაოდენობით დაწერის შემდეგ მივიღებ სითხეს “ლიბერალი”, რომელიც ჩაისხმება სინჯარაში წარწერით “ლიბერალი”, სნობური პოსტების შემდეგ მიიღება სითხე “სნობი” და ა.შ.).

ბოლოს მოხდება მთავარი – შეგროვილ სითხეებს ერთად ჩავასხამ დიდ ყანწში და დავლევ!!! ამით ჩემში ჩაიღვრება უამრავი ტიპაჟის, ხასიათის და აზროვნების მქონე ადამიანების ფილოსოფიური სუბსტანცია – გავხდები ერთდროულად ბევრი თქვენგანის მსგავსი და ჭეშმარიტად თავისუფალი ადამიანი.

საკუთარი თავისგან გათავისუფლება

 

Advertisements
თებერვალი 10, 2011

მინდა გავხდე შენი მსგავსი

by cdisპიreli

მომბეზრდა ორიგინალურობა, აღარ მინდა ვიყო განსხვავებული, მინდა გავხდე შენი მსგავსი!

არ გეგონოს ადვილი ადამიანის გარდასახვა, აქამდეც მიცდია ამის გაკეთება, მაგრამ არ გამომივიდა. წარუმატებელი მცდელობების შემდეგ ბევრი ვიფიქრე იმაზე თუ როგორ შევცვლილიყავი, იმდენად ბევრი რომ ჩემს  მეგობრებს თმები გასცვივდათ – გაქაჩლდნენ. მე მაინც ვერ შევიცვალე და თმებიც კი არ მცვივა. დღეს ისეთი დროებაა, აი, როგორ გითხრა, ვირტუალურ–რეალური, ადამიანები ცხოვრობენ თავიიანთ სახლებში და პარალერულად ინტერნეტში. ცოლები სკაიპში უფრო მეტ დროს ატარებენ ვიდრე ქმარებთან საწოლში. “მაუსი” უფრო ხმამაღლა ღჭრიალებს სქროლვისას, ვიდრე საწოლი სექსისგან. მეც გადავწყიტე რომ საკუთარი თავის გადაკეთება/გარდაქმნა პირველ რიგში ვირტუალური სივრციდან დამეწყო, ამიტომაც გადავწყვიტე ბლოგის გაკეთება, თუ გნებავს შექმნა.

ეგ ადრე იყო როცა ბლოგები მარტო ორიგინალურ და კაი ტიპებს ჰქონდათ, ახლა ასე აღარაა. თუ გინდა ორიგინალურობა და განსხვავებულობა წარსულს ჩააბარო, მაშინ უნდა იბლოგერო. ეხ, რა კარგი იქნებოდა მხოლოდ ეს რომ კმაროდეს. ვიცი და კარგად მაქვს გააზრებული ყველა ის დაბრკოლება რომელიც ჩემს წინ, მიწაში დათესილი კბილებისგან მყისიერად ამოზრდილი გველეშაპებივით გადამეღობება ამ რთულ გზაზე, გზაზე რომელმაც შენამდე უნდა მომიყვანოს, შენი მსგავსი გამხადოს.

ყველა დიდი მოგზაურობა პირველი ნაბიჯით იწყება და ყველა ბლოგი პირველი პოსტით, მეც რადგან დავიწყე ექსპერიმენტის ჩატარება უკან აღარ დავიხევ რაც არ უნდა სიძნელეები შემხვდეს ცდების დროს. რაზე დავწერ? მეტნაკლებად ყველაფერზე, იმაზე რაც შენ გაინტერესებს და გაღელვებს, რაზეც შენ ფიქრობ, რაც გბურძგლავს და გაბედნიერებს, რაც გადარდიანებს და სევდას გგვრის, რაც გაცინებს, გაღიზიანებს, გაშფოთებს, ფრთებს გასხამს და ა.შ. რა თქმა უნდა ამის გაკეთება ძალიან ძნელი იქნება (მთლად ჩემი იმედიც ნუ გექნებათ თორემ შორს ვერ გაფრინდებით), მაგრამ ეს, მე უნდა შევძლო!!! როგორ დავწერ? ისე როგორც შენ დაწერდი. თქვენ ხომ ბევრნი ხართ, ამიტომ მეც ხან ისე დავწერ, ხან ასე. ამა თუ იმ საკითხის განხილვისას ხშირად ისეთი შეხედულებების გამოთქმა მომიწევს, რასაც პირადად შეიძლება არ ვეთანხმებოდე, მაგრამ რას ვიზამ, აბა სხვაგვარად როგორ შემოვაღწიო შენს ტვინში, როგორ გავხდე შენი მსგავსი.

არ ვიცი ზუსტად როდის დასრულდება ჩემი ექსპერიმენტი, სამ თვეში თუ ერთ წელში, მაგრამ მიუხედავად ჩემი მმამრობითი სქესისა სანამ სხეულში მენსტრუალურ ტკივილს არ ვიგრძნობ, მანამდე ექსპერიმენტს წარმატებულად ვერ მივიჩნევ.

ბოლოს თქვენთან მექნება ერთი თხოვნა. ექსპერიმენტის მიმდინარეობის და მისი შედეგების გაანალიზებისათვის თქვენი აზრის გაგება დამჭირდება. აი, მაგალითად თუკი ჩემი წერის სტილი, ან გამოთქმული აზრი თქვენი რომელიმე ნათესავის, ჯგუფელის, ბიძაშვილის, მულის, შეყვარებულის, მამის, მეზობლის შეხედულებებს დაემთხვა არ დაიზაროთ და აუცილებლად მითხარით რომ მე სხვას ვგავარ, ამით თქვენ ენით აუწერელ სიამოვნებას მომანიჭებთ. დროებით.