Archive for ‘წიგნები’

მარტი 5, 2011

გარბენი 100 სიტყვაში

by cdisპიreli

დღეს ოლიმპიური სულისკვეთებით უნდა გავიმსჭვალო. არ გეგონოთ, ჭოკით ხტომა და დიდი სიმაღლეების დაპყრობა გადავწყვიტე, არც ისეა საქმე, რომ მარათონულ გარბენში მივიღო მონაწილეობა, 42 კილომეტრი და 195 მეტრი ვირბინო და ვიღაც კონკრეტულ ადამიანს ვუთხრა: მიყვარხარ. უბრალოდ 110 მეტრი უნდა გავირბინო ბარიერების გადალახვით 100 სიტყვაში.

დარწმუნებული ვარ ბარონი პიერ დე კუბერტენი ჩემი გადაწყვეტილებით იამაყებდა და ალბათ ოლიმპის მთაზე დაკრძალული მისი გული ხელახლა აძგერდა. გაიგონეთ? სპორტული პისტოლეტის ხმა გაისმა, უნდა გავიქცე, ფინიშთან შევხვდებიიით…

ჩინუა აჩებე “A Man of the People”

აფრიკა – პირველი ასოციაცია, რაც ამ სიტყვის გაგონებაზე მიჩნდება, ესაა ნახევრად შიშველი შავკანიანი ბავშვი, აბურცული ტუჩებით, სევდითა და შიმშილით სავსე დიდი თვალებით.

ნიგერია –  ფეხბურთელი ჯეი–ჯეი ოკოჩა, ფილიგრანული ტექნიკითა და საფირმო ფინტით. მისი თანამემამულე ჩინუა აჩებეც დიდი ტექნიკის, ამ შემთხვევაში სალიტერატურო, მფლობელია. მატჩი დაიწყო. ტრიბუნებზე მსხდომი რიგითი ნიგერიელი გულშემატკივრები, ის ადამიანები არიან, ვისზეც აჩებე წერს თავის წიგნში. მეგობრობა, პოლიტიკა, სიყვარული – ეს წიგნის მთავარი თემებია. მწერალი ისე გვიყვება ამბავს, რომ ვუვუზელას გამაღიზიანებელი ხმები არ გვესმის, თხრობის მანერა უფრო მელოდიურ მუსიკას ჰგავს. მის “მოკლე პასებში” დიდი ადამიანური გრძნობები დევს. მთელი “მატჩის” დროს ტრიბუნებიდან ნიგერიელი ხალხის შეძახილი ისმის.

აფრიკა – დღეიდან ჩემს ასოციაციების გალერეას ჩინუა აჩებე დაემატა.

——————————————

ესეც ასე, გარბენი დასრულდა და როგორც დაგპირდით ჩვენ ისევ ერთად ვართ. რაღაც უნდა მეთქვა კიდევ, მაგრამ აღარ მახსოვს. დავიშალეთ.

მარტი 4, 2011

გემრიელი დელიკატესი ძილის წინ

by cdisპიreli

ადამიანის მიერ შექმნილი კალენდრის მიხედვით გაზაფხული დადგა, მაგრამ ფანჯრიდან თუ გაიხედავთ ამას ნამდვილად ვერ იტყვი. არც მქონდა იმის მოლოდინი, რომ მარტის პირველივე დღეებიდან ცხრათვალა მზე გამოანათებდა, თუნდაც რვათვალა. ასეა თუ ისე, ჯერ კიდევ ცივა და რა თემაზეც ახლა მსურს პოსტის დაწერა, ვფიქრობ კონტექსტიდან არ იქნება ამოვარდნილი, (აგერ, რამდენიმე დღის წინ “იმედმა” სულაც საახალწლო გადაცემა, “სტუმრად იუმორინასთან” შემოგვთავაზა) თუ არა და ზამთარი ისევ მალე მოვა, თქვენ კი მომზადებულები შეხვდებით მას.

საქმე წიგნის კომფორტულად კითხვას ეხება. ერთია წასაკითხი წიგნის სწორად შერჩევა, რაზეც გაკვრით ამ პოსტში დავწერე, და მეორე – მყუდრო გარემოს შექმა კითხის დროს. წელიწადის დროებთან ერთად მეტ–ნაკლებად იცვლება მოთხოვნები აღნიშნული საკითხის მიმართ. ზამთარში, როგორც წესი, ერთ–ერთი მათავარი პირობა სითბო გახლავთ. შემდეგ უკვე გემოვნების მიხედვით: ჩაი, ყავა, (ცხელ–ცხელ დაკლაკნილ ორთქლთან ერთად, სულის შებერვის დროს რომ კიდევ უფრო მეტად იგრიხება და შეტევაზე გადმოდის) სიგარეტი, (ბოლთან, საფერფლესთან და გაშავებულ ფილტვებთან ერთად) კუბოკრული პლედი, მაღალსაყელოიანი ფუმფულა ჯემპრი გრძელი სახელოებით და ა.შ. კეჟერაძესი არ იყოს, მეც სავარძელში მოკალათება და ასე კითხვა მირჩევნია, მაგრამ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ძილის წინ კითხვაც კარგი, გემრიელი დელიკატესია.

სამწუხაროდ, ეს უკანასკნელი მეთოდი, ჩემი კითხვითი არსენალიდან თითქმის მთლიანად ამოღებულია რიგი მიზეზების გამოისობით. ბევრისთვის კი ეს შეიძლება სიცივის გამო იყოს ხელმიუწვდომელი. დამეთანხმებით, ძალიან არაკომფორტულია საბნიდან ხელების ამოყოფა წიგნის დასაჭერად და ამ დროს ზღვის სანაპიროზე ბიკინებით მოსიარულე პერსონაჟებთან ერთად მოგზაურობა. ასევე სხვის საძილე ტომარაში მოხვედრის პროცესიც გაცილებით გართულებულია გაყინული ხელების გამო, სიტყვაზე მენდეთ.

საბედნიეროდ, მაშინ როცა ჩვენ გვძინავს, კრეატიულ ადამიანებს ღვიძავთ და ბევრ საინტერესოს ქმნიან. გაიხარეთ, ცივი ხელები დამარცხებულია! გაუმარჯოს თბილ ხელებს და დელიკატესს ძილის წინ.

ახლა თუ თქვენს შორის რომელიღაცა ინტრიგანობის ხასიათზე იქნება და მკითხავს, რომ იმ ერთ თითს რაღა მოვუხერხოთო, მე გიპასუხებთ: ამ შემთხვევაში კიდევ ერთი უპირატესობა იკვეთება ელექტრონული წამკითხველების მხარეზე, მაგალითად როგორიცაა “ქინდლი”, რადგან ამ შემთხვევაში შემდეგ გვერდზე გადასასვლელად საბანი–ხელთათმანით დაფარული თითი პრობლემას ვერ შექმნის.

თებერვალი 25, 2011

კიბეზე დაგორების სანაცვლოდ

by cdisპიreli

ჰო, არ გამომდის ქალებთან ურთიერთობა – მაგარი მოუხერხებელი ვინმე ვარ. რამდენიმე დღის წინაც ასე დამემართა. ერთ გოგონასთან ერთად ჯერ კიბის საფეხურების ავლა, შემდეგ კი ჩამოვლა მომიწია და მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიცი ქალთან ერთად კიბეზე მოძრაობის წესები, მაინც შემეშალა. მოძრაობის წესი იმაში მდგომარეობს, რომ სუსტი სქესის (ფემინისტები არაფერს იმჩნევთ) წარმომადგელთან ერთად კიბეზე ასვლისას კაცი უკან უნდა მიჰყვებოდეს მას, (თუ არ ბნელა) კიბეზე ჩამოსვლისას – წინ მიუძღოდეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეტიკეტის საკითხებში ჩემი ღრმად განსწავლულობის მიუხედავად, იმდენი მოვახერხე რომ ყველაფერი უკუღმა გავაკეთე. არა და ზოგადად მოუხერხებელი არ ვარ. კედელში ლურსმნის ჩარტყმაც შემიძლია, თან ისე, შემდეგ მთელი თვე ჩაშავებული ფრჩხილით რომ არ ვიარო. ახლახანს მეზობელს “შტეპცელი” გამოვუცვალე, სახლში კი უთო დავშალე. (ახლა აწყობასაც ნუ მომთხოვთ).

ჯანდაბას, ქალებთან თუ არ მიმართლებს, მაგრამ ამ ბოლო ორ თვეში ისეთი რამ შემემთხვა, რაც ყოველგვარ, მე ვიტყოდი სამყაროს საზღვრებსაც კი სცილდება – იმდენი მოვახერხე, რომ წაკითხული წიგნებიდან სამი მათგანი არ მომეწონა! გთავაზობთ უიღბლო სამეულს.

რომანი – მუხრუჭი

სამეულს სათავეში უდგას ცნობილი და სახელმოხვეჭილი ინგლისელი მწერლის, იან მაქიუენის (Ian McEwan) რომანი  “ამსტერდამი”. წიგნის მთავარი გმირები, მეგობრები არიან. ერთი გაზეთის რედაქტორია, მეორე კომპოზიტორი. წიგნის შერჩევისას გადამწყვეტი როლი ანოტაციაში გაჟღერებულმა ევთანაზიის თემამ იქონია. მეგობრები მოილაპარაკებენ რომ თუ ერთ–ერთ მათგანს პრობლემა შეექმნებოდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მეორე ვალდებული იყო დახმარებოდა პირველს, ანუ მარტივად რომ ვთქვა, მოეკლა. ამას იმასაც თუ დავუმატებთ, რომ რომანს1998 წელს ბუკერის პრემია აქვს მინიჭებული, ხოლო მის რუსულ ენაზე მთარგმნელს (რუსულად წავიკითხე) ასევე ჯილდო მიღებული თარგმანისთვის, წესით და რიგით წიგნს იმედები არ უნდა გაეცრუებინა ჩემთვის, მაგრამ გამიცრუა და ეგაა. მწერალი მხატვრული სიტყვის ოსტატადაა მიჩნეული, მე კი ყველაზე მეტად ეგ არ მომეწონა. შეიძლება ეს იმის ბრალიცაა რომ ჩემი რუსულის ცოდნა მოწოდების სიმაღლეზო ვერაა. რუსული ენის ცოდნის დონე ჯომოლუნგმას მწვერვალს, ხოლო ჩემი თავი ალპინისტს რომ შევადარო ახლა სადღაც ოთხი ათასი მეტრის სიმაღლეზე ვარ დაბანაკებული. ნახევრად ხუმრობით რომ ვთქვა, წიგნში ძალიან ბევრი მძიმეა, რაც კითხვის დროს გამუდმებით მამუხრუჭებდა.

კურდღელი ჩამოყრილი ყურებით

მეორე ადგილზე გავიდა ფრანგი მწერალი ტონინო ბენეკვისტა, (Tonino Benacquista) რომანით “კურდღელზე ნადირობა”. ტონინო სანამ სამწერლობო კარიერას დაიწყებდა, მანამდე საერთაშორისო ექსპრესის, პარიზი–რომი, ვაგონის გამცილებელად მუშაობდა. მისი წიგნის გმირიც გამცილებელია და მთელი მოქმედება მატარებელში ხდება. რატომღაც მიყვარს მატარებელი, და თან ასეთ კამერულ სივრცეში განვითარებული მოქმედებაც საინტერესოდ მივიჩნიე. ასევე მაინტერესებდა პროფესიით გამცილებლის ფსიქოლოგიური შტრიხები – გამცილებლად მომუშავე ადამიანზე უკეთ ეს ვინ უნდა იცოდეს. თავიდან თითქოს იყო კიდეც რამდენიმე საინტერესო დეტალი, ის კი არა ფილოსოფიური შეგონებებიც ამოვიკითხე: “არსებობს მხოლოდ ორი რამ, რისთვისაც ღირს ყურადღების დათმობა: წამი და მოთმინება. უნდა შეგეძლოს იცხოვრო ერთითაც და მეორითაც”. ან დაახლოებით რაღაც ასეთი, რომ ახალგაზრდა კაცის თავში ქვიშის საათი არ უდგას და ამიტომ ის უაზროდ ხარჯავს დროს. ფრაზა წამზე და მოთმინებაზე ყველაზე მეტად მომეწონა წიგნიდან. ძირითადად კი ყურებჩამოყრილი ვკითხულობდი.

ჩანაცვლება

ადამიანის ჩანაცვლება, რაღაც მსგავსი ალფრედ ჰიჩკოკის ფილმიდან “თავბრუსხვევა” მახსოვს. მესამე ადგილზე გასული წიგნი ყველაზე ნაკლებად არ მომეწონა, ეს არის “საუკუნის რომანი”. ავტორი პოლონელი მწერალი ქალბატონი იოანა ხმელევსკაიაა. (Joanna Chmielewska) ნაწარმოები ირონიული დეტექტივის ჟანრს განეკუთვნება. ბევრი წიგნი არ მახსენდება ისეთი, რომელიც წაკითხული მაქვს და სადაც მთავარი პერსონაჟი ქალი გახლავთ, ამიტომ წიგნის წაკითხვის მთავარი მოტივი ეს იყო. თან კითხვისას სიცილის მოლოდინიც მქონდა. სიუჟეტზე არაფერს ვიტყვი, ისედაც გამიგრძელდა სიტყვა, ერთს იმას ავღნიშნავ რომ ქალს სხვა ქალბატონის ჩანაცლებას შესთავაზებენ სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ, ქალი დათანხმდება და… პრინციპში კარგი იქნებოდა წიგნი ზედმეტად გაწელილი რომ არ ყოფილიყო, სადღაც ორასი გვერდით დიდი, მეტით არა.

მგონი, ორ თვეში სამი ნაკლებად საინტერესო წიგნის წაკითხვა ბევრია. სულ რომ კიბეებიდან დავგორდე ქალთან ერთად, წიგნის არჩევისას უფრო მეტი მოხერხებულობა უნდა გამოვიჩინო. კარგია “კინდლი” რომ მაქვს და ფაქტიურად ნებისმიერ წიგნამდე მიმიწვდება ხელი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, არჩევანის დახვეწაზე დაფიქრება მმართებს.

თებერვალი 16, 2011

შეშლილთა ალქიმია

by cdisპიreli

ნახევრად ჩაბნელებული ოთახი, მაგიდა, ერთი სკამი, საწოლი, წიგნის თაროები წიგნებით და დიდი არეულობა. საწოლი ასალაგებელი და ერთმანეთში ახლართული ჭუჭყისგან გაშავებული შავი ზეწარი. მაგიდაზე ლამპა იდგა გაბოლილი შუშით, იქვე გასარეცხი თეფში – ეტყობოდა რომ კარგად მოელოკათ, მაგრამ ნარჩენებისგან ზოლები მაინც დარჩენილიყო. მაგიდაზე პურის ნამცეცები ეყარა, რომელსაც ისეთი უცნაური ფერი ჰქონდა, ჩიტიც არ იკადრებდა ნისკარტის გასვრას. წითელი ტყემლის ბოთლი, უსახურავოდ და გვერდებზე ჩამოსული ტყემლის წვეთებით. იატაკზე “პლიტა” იდგა, ბევრ ადგილას გადაბმული სპირალით.

ჩემი სამუშაო კაბინეტი.

კიდევ ბევრი დეტალი მახსოვს ოთახთან დაკავშირებით, მაგრამ საკმარისია, ან რა დამავიწყებდა. ყველაფერი კარგად მახსოვს თავის ცოტა არ იყოს და უცნაურ პატრონთან ერთად. ისეთი ტიპი იყო, ხალხი რომ ამბობს: ბევრი ცოდნისგან გარეკაო. შეიძლება მართლა უბერავდა – სიცოცხლის გახანგრძლივების იდეები აწუხებდა, მეცნიერებაში გადატრიალების მოხდენა სურდა. მასთან ათიოდე წლის წინ ვიყავი – პირველად და უკანასკნელად. ახლა ისიც არ ვიცი, ცოცხალია თუ არა.

 

მართალია თქვენ ამ პიროვნების ცნობის ბედნიერება არ გქონიათ, მაგრამ რობერტ ლუის სტივენსონს ხომ იცნობთ, მეც მასზე განვაგრძობ წერას. ცნობილი შოტლანდიელი მწერალი, ინგლისური ნეორომანტიზმის წარმომადგენელი, ავტორი წიგნისა “განძთა კუნძული” და არა მარტო. ცოტა ხნის წინ მისი წიგნი, “ექიმ ჯეკილის და მისტერ ჰაიდის უცნაური ისტორია” წავიკითხე. ექიმ ჯეკილს უცნაური იდეები “აწუხებდა”. მას სჯეროდა, რომ ადამიანში თანაბრად არსებობდა ბოროტება და სიკეთე, უბრალოდ ზოგი კეთილ საწყის უფრო მეტად ანვითარებდა საკუთარ თავში, ბოროტების დათრგუნვის გზით – ზოგი პირიქით. ჯეკილმა გადაწყვიტა ისეთი წამალი დაემზადებინა, რომლის საშუალებითაც ადამიანიდან მთლიანად გამოეყოფოდა ბოროტება და ამ გზით შეძლებდა მის მართვას.

აქ მივხვდი, რომ რაღაც ასეთი მეც უნდა გამეკეთებინა! რითი ვარ ნაკლები ექიმ ჯეკილზე, წითელი ტყემალი კი მეც მიყვარს.  ბლოგი ზუსტად რომ ექსპერიმენტის განსახორციელებლად მჭირდება.

ასე, რომ ვინც ჯერ კიდვ ვერ მიხვდა თუ რა მიზანს ემსახურება ეს ბლოგი, ვეცდები უფრო გასაგებად განვმარტო.

თქვენ სტივენსონთან ერთად პატრიკ ზიუსკინდიც გეცოდინებათ მისი პარფიუმერით. ჟან–ბაპტისტ გრენუი – მკვლელი, სურნელების შემგროვებელი, გამაოგნებელი ძალის სუნამოს შემქმნელი. მოკლული ქალების სხეულიდან აღებული სურნელების შეერთებით სასწაული რომ მოახდინა. მეც დაახლოებით მსგავსი რამის გაკეთებას ვგეგმავ, თუმცა ადამიანების დახოცვას არ ვაპირებ. ჩემი ინტერესების სფეროშია აზრები, ფიქრები, ემოციები, გრძნობები, რომლებიც თქვენშია. ჯონ მალკოვიჩი არ ვარ და ადამიანის თავში შეღწევა არ შემიძლია, სამაგიეროდ სხვა საშუალებები მოვიფიქრე.

ამ წუთისთვის ჩემს ლაბორატორიაში, თაროებზე უამრავი ცარიელი სინჯარა დევს და მოუთმენლად ელიან თუ როდის აივსებიან ფერადი სითხეებით. სითხის მიღების წესი ასეთია:

  • უნდა ვიფიქრო ისე და განვიცადო ყველა ის გრძნობა რასაც განიცდის სხვა, ძალიან ბევრი, სხვადასხვა ტიპის და ხასიათის ადამიანი. (მაგალითად სნობი, ინტელიგენტი, სულელი, ლიბერალი, მხიარული, სევდიანი, თინეიჯერი გოგო, გასათხოვარი ქალიშვილი, სექსუალური უმცირესობების დამცველი, მაზოხისტი, სექსუალური მანიაკი, მელომანი, წიგნის მოყვარული, მთავრობის ჯამბაზი და ა.შ. ძალიან ბევრია).
  • მარტო ფიქრი და განცდა საკმარისი არ არის, აუცილებელია ამ ყველაფრის დაწერა.
  • შემეძლო მარტო ჩემთვის მეწერა პირად რვეულში, მაგრამ სასიცოცხლოდ საჭიროა მკვითხველი, რომელიც წაიკითხავს ჩემს ნააზრევს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯადოსნურ სითხეს ვერ დავამზადებ.
  • ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების შედეგად მივიღებ სხვადასხვა კომბინაციის პი–ებს, რომლებსაც განსაკუთრებული წესით შევურევ ჩემს “ფირმის საიდუმლოებას” და დავამზადებ სითხეს. (მაგალითად, ლიბერალური პოსტების გარკველი რაოდენობით დაწერის შემდეგ მივიღებ სითხეს “ლიბერალი”, რომელიც ჩაისხმება სინჯარაში წარწერით “ლიბერალი”, სნობური პოსტების შემდეგ მიიღება სითხე “სნობი” და ა.შ.).

ბოლოს მოხდება მთავარი – შეგროვილ სითხეებს ერთად ჩავასხამ დიდ ყანწში და დავლევ!!! ამით ჩემში ჩაიღვრება უამრავი ტიპაჟის, ხასიათის და აზროვნების მქონე ადამიანების ფილოსოფიური სუბსტანცია – გავხდები ერთდროულად ბევრი თქვენგანის მსგავსი და ჭეშმარიტად თავისუფალი ადამიანი.

საკუთარი თავისგან გათავისუფლება