Archive for ‘ჩემი მეგობარი ჰამლეტი’

მარტი 16, 2011

უცნობი ქალი, რომელიც ვერ გახდა ნაცნობი

by cdisპიreli

მე და ჰამლეტი ერთად ვისხედით და საუბარი უცნობებზე ჩამოვარდა, როგორც დამპალი ვაშლი ვარდება მიწაზე. რა გავლენა აქვთ უცნობ ადამიანებს ჩვენს ცხოვრებაზე, საიდან მოდიან და სად მიდიან, ან რატომ არ მოდიან? ამ და კიდევ ბევრ კითხვაზე ვცდილობდით პასუხის გაცემას მე და ჰამლეტი. აბა, ჰამლეტი რის ჰამლეტი იქნებოდა, რაიმე ისტორია რომ არ ჰქონოდა თემასთან დაკავშირებით, ისტორია ასეთია:

ჰამლეტი, უცნობი ქალი ავტობუსში და მისი სულელური შეცდომა

2002 წელი იყო. როგორც იქნა ავტობუსი მოვიდა და მეც დიდი გაჭირვებით ავფოფხდი. გამიმართლა და ასასვლელ საფეხურზე მერგო საპატიო ადგილი, მე რა თუ ფაქტიურად ცალ ფეხზე ვიდექი და უცნობი ადამიანი მაწვებოდა თავისი უკანალით –რაც მთავარია ავტობუსში ვიყავი. ავტობუსი დაიძრა, ხალხი ცოტა შეჯანჯღარდა და უფრო თავისუფლად დავდეგი ფეხზე, წელში გაიმართაო რომ ამბობენ ახლად გამდიდრებულ კაცზე, აი, ჩემზეც შეიძლებოდა მაგის თქმა, ოღონდ პირდაპირი გაგებით.

მყარად დავდექი თუ არა ფეხზე, თავი ავწიე და რას ვხედავ – ულამაზესი გოგო დგას ჩემთან ახლოს, საოცრად მშვიდი სახით, ღრმა ჩაფიქრებული ლამაზი თვალებით, ნაზი და გამოკვეთილი ნაკვთიანი სახე ჰქონდა. ლამაზი, სიცივისგან ოდნავ დაშაშრული ტუჩები, პატარა და საყვარელ ყურებს ტალღოვანი თმა უფარავდა. და თითები? მსგავსი სილამაზე არაფერი მინახავს. მის ხელს დიდი ხანი ვაკვირდებოდი, რადგან სკამის საზურგეზე იყო ჩაჭიდებული.

მანამდე ავტობუსში არავინ გამიცვნია, საერთოდ ძნელია ჩემთვის ეგეთი რაღაცეები. არა და მაგ დროს ჯერ კიდევ ყველას არ ჰქონდა მობილური ტელეფონი და გაცნობის ერთ–ერთი საშუალება– რომელი საათია?– ჯერ კიდევ შეიძლებოდა რომ გამომეყენებინა. ახლა ეგ მეთოდი სრულიად გამოუსადეგარი გახდა, მაგრამ რას იზავ, არც მზის საათების დროს იყო მაგის საშუალება. ძალიან მოკლე პერიოდში მოუწია არსებობამ.

ჰოდა, რას ვამბობდი, ის გოგო რომელიც ჩემთვის აქამდე უცნობად დარჩა, დღემდე მახსოვს და ხშირად ვიხსენებ ხოლმე. იქნებ მაშინ გამებედა კიდეც და გამოვლაპარაკებოდი, გავხდებოდით ნაცნობები და ერთად ვიხოვრებდით, მაგრამ დავუნახე რომ თითზე ბეჭედი ეკეთა. აქ შევცდი მწარედ, ამ შეცდომას მერჩივნა ორი ქოთანი მწარე წიწაკა შემეჭამა. შეცდომა კი იქ დავუშვი, რომ ის ბეჭედი ჩვეულებრივი იყო და არა საქორწილო, თან მარცხენა ხელზე ეკეთა, ამას მოგვიანებით მივხდი. მარცხენაზე თუ მარჯვენაზე? აუ, სულ მერევა რა ეგ, ვეღარ დავიმახსოვრე რომელ ხელზე უკეთიათ საქორწილო ბეჭედი.

ამის შემდეგ ჰამლეტი გაუთავებელ წუწუნს მოჰყვა, როგორც სჩვევია, მაშინ რომ გაბედულად მოვქცეულიყავი სხვანაირად წავიდოდა ჩემი ცხოვრებაო, ყვავმა დასჩხავლა ჩემ ბედსო და ა.შ.

არადა სად აღარ შეხვდებით უცნობებს, ყველგან ისინი არიან: ქუჩაში, ბაზარში, კინოში, მაღაზიებში, მატარებელში… ხვალ ქუჩაში გავალ და ისევ შემხვდება, უცნობი ნომრით 1 457 211. ჩემი მეგობრის ბედი რომ არ გავიზიარო, თუკი მეც მომეწონა ვინმე უცნობი ქალი, მივალ და ვეტყი: გამარჯობა, თქვენ “დაპატიმრებული” ხართ ჩემი მეხსიერების მიერ, თქვენი ნომერია ნაცნობი 2 408.

Advertisements
მარტი 2, 2011

2072 (ლოგაუთი)

by cdisპიreli

დღეს “ფეისბუქზე” და მასზე მიჯაჭვულობაზე ბევრი საუბრობს. საუბრობენ მის დადებით და უარყოფით მხარეებზე. მარკ ცუკერბერგი 2010 წლის ადამიანად დასახელდა ჟურნალ “Time”-ის მიერ. ჰოლივუდში გადაიღეს ფილმი “ფეისბუქის” შესახებ. ერთი სიტყვით, სოციალურ ქსელები და “ფეისბუქი” აქტუალური თემაა. ამჯერად, ჩემს დამოკიდებულებას “ფეისბუქის” მიმართ არ გაგიმხელთ, მაგრამ ერთ დაუჯერებელ ამბავს გიამბობთ, რომელიც ჩემს მეგობარ ჰამლეტის გადახდა თავს. გაფრთხილებთ, ისტორია ქალზე მეტად უცნაური, გამოუცნობი, იდუმალი და საშიშია!

როცა ჰამლეტი თავის თავგადასავალს მიყვებოდა, რამდენჯერმე შევაწყვეტინე საუბარი  და ვკითხე: სიზმარში ხომ არა ნახე რასაც ახლა ყვები? – არაო – ჯიუტად იმეორებდა. მოკლედ, თქვენი ნებართვით, ისტორიას ჰამლეტის პირით მოგიყვებით, მცირეოდენი შემოკლებით და თავად განსაჯეთ რამდენად რეალური ამბავია.

2072 (ლოგაუთი), ანუ ჰამლეტის ფათერაკებიანი თავგადასავალი

პი, გუშინ მაგარი სასწაული რამ გადამხდა თავს. კორპუსის სახურავზე უნდა ავსულიყავი ანტენის გასასწორებლად, და მეხუთე სართულზე რომ ერთი სოკრატეს ცოლზე ანჩხლი დედაკაცი ცხოვრობ ხო იცი, ჰოდა ის გამომივარდა და დამიწყო ყვირილი – სახურავზე ნუ დადიხარ, “ჟესტი” არ გახვრიტო წყალი ჩამომივაო – თან მომაწყევლა კიდეც. მე მაინც ავედი სახურავზე. ე.ი. სამერცხლულიდან გავძვერი თუ არა, ეგრევე უცნობ ქუჩაში ავღმოვჩნდი. აზრზე ხარ ბიჭო. წარმოდგენა არ მაქვს სად ვარ. მოვიხედე  და სადღაა  სახურავი. ვაახ, მეთქი დამერხა და ეგაა. ცოტა გავიარე და გაზეთების ჯიხურთან გავჩერდი. ქუჩაში კაციშვილის ჭაჭანება არ არის, ჯიხურიც დაკეტილია. გარედან შევათვალიერე და კალენდარი დავინახე – 2072 წლის. (ჰერიქა ჰამლეეეტ, გავიფიქრე მე) რომელიღაცა გაზეთის პირველ გვერდზე ელ კლასიკოზე წერდნენ: “ეს “ბარსას” მიერ ზედიზედ 126–ე გამარჯვებაა რეალის წინააღმდეგ”. (ჰამლეტი “ბარსელონას” ფანია) ცოტა გავიარე, მაგრამ მაწანწალა ძაღლების გარდა სულიერი არავინ შემხვედრია. მერე საცხოვრებელ კორპუსს ჩავუარე გვერდით და იქიდან ადამიანების კვნესის და გმინვის ხმები შემომესმა. მაგრად შემეშინდა. რაც მე “სოკრატეს ცოლს” ვაგინე…

მალევე ქუჩაში ერთი ქალი შემომხვდა და ის მომიყვა დედამიწაზე დატრიალებული უბედურების შესახებ. თურმე ერთ დღესაც, მთელ დედამიწაზე ყველგან ერთდროულად დაღამებულა, ჩიკაგოში, რომში, ბათუმში – ყველგან. ხალხი საკუთარ სახლებში წასულა და როგორც ბოლო წლებში, იმ საღამოსაც ყველა ჩვეულებისამებრ ფეისბუქში შესულა დროის სატარებლად. თავიდან ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, ალაიქებდნენ და აკომენტარებდნენ ერთმანეთის სტატუსებს, მაგრამ მერე ერთ–ერთ იუზერს საიტიდან გამოსვლა და დაძინება გადაუწყვეტია. მიუწკაპუნებია მარჯვენა მაღალ კუთხეში და რას ხედავს, “ლოგაუთ”–ის ღილაკი გამქრალიყო. აზრზე ხარ! ტიპს მთლიანად “ტაბის” დახურვა უცდია – ვერ დახურა. ბრაუზერის დახურვა სცადა – არ დაიხურა, კომპიუტერი აღარ ითიშებოდა. ეგ კი არა, სკამიდანაც ვეღარ წამოდგა!მთელი მსოფლიო ფეისბუქში გამოიკეტა! ატყდა პანიკა. სად არ ეძებეს “ლოგაუთი”, მაგრამ სულ ტყუილად.

ყველაფერი კი ბებრუხანა მარკ ცუკერბერგის ოინები ყოფილა – ლოგაუთის ღილაკი საკუთარი ხელებით გაუქრია და თვითონ მომკვდარა, ამიტომაც დარჩა მთელი მსოფლიო ფეისბუის კედლებში გამომწყვდეული. არავინ იყო დედამიწის ზურგზე ისეთი, ვინც ლოგაუთის ღილაკს დააბრუნებდა თავის ადგილას და მილიარდობით ადამიანს უეჭველი სიკვდილისგან იხსნიდა. ის ქალი, რომელიც მე შემხვდა, ერთადერთი ადამიანი იყო ვინც ცუკერბეგის მიერ ლოგაუთის გაქრობას გადაურჩა.

ქალმა ცნობილ ფსიქოლოგზეც მიამბო, ვიღაც ზიგმუნდ ფრობუქზე და მის ნაშრომზე “ფეისანალიზი”. ნაშრომში მეცნიერი ცდილობდა ყველა დაერწმუნებინა, რომ მან აღმოაჩინა ადამიანის ტვინში უჯრედი, რომელსაც “ლაიქბიდო” დაარქვა, და ამტკიცებდა – ადამიანის ქცევებს მხოლოდ ლაიქბიდო განსაზღვრავსო. გამოფეისბუქებული მსოფლიო, აი, როგორი იყო დედამიწა 2072 –ში.

მერე აღარ მახსოვს რა მოხდა. აზრზე რომ მოვედი სახურავზე ვიდექი. “სოკრატეს ცოლი” ისევ მიყვიროდა. ანტენა ვიღას ახსოვდა, პირდაპირ დაბლა დავეშვი.

აი, ასეე დასრულდა ჰამლეტის დროში მოგზაურობა.