Archive for ‘ტექნოლოგია’

მარტი 7, 2011

ფრანგული ამბორის სიმფონია

by cdisპიreli

ალბათ, თქვენ ჩემზე უკეთ იცით თუ რა სარგებლობა მოაქვს კოცნას – ის რომ ამბორი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, აწყნარებს ნერვებს და ახშობს სტრესს, ავარჯიშებს სახის კუნთებს და ხელს უშლის ნაოჭების ნაადრევად გაჩენას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ანელებს ათეროსკლეროზის განვითარებას, იწვევს წონის დაკლებას და ა.შ. დილით 20 წამიანი კოცნა, მთელი დღის განმავლობაში კარგი განწყობის საწინდარია. ასე რომ კითხვაზე, რა სარგებლობა მოაქვს მამალს, – უხ, მამალს კი არა, კოცნას – ვფიქრობ თამამად შეძლებთ პასუხის გაცემას.

საინტერესოა საიდან გაჩნდა კოცნა, ვინ იყვნენ ისინი ვინც პირველად აკოცეს ერთმანეთს. რა თქმა უნდა ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. ეჭვი მაქვს, რაღაც ნაკლებად რომანტიკული მიზეზი იქნებოდა. ერთ–ერთი თეორიის მიხედვით, ტუჩებში კოცნით ხდებოდა სულის ქორწილი… ასეა თუ ისე, დღეიდან სუფრაზე იმ წინაპრების სადღეგრძელოს დავლევ, რომლებმაც კოცნა მოიტანეს ჩვენამდე. რომ არა ისინი, ახლა შესაძლოა ცხვირის ცხვირზე მიდებით ვესალმებოდეთ ერთმანეთს.

კოცნის ერთ–ერთი ნაირსახეობა, ფრანგული ამბორი გახლავთ – მადლობა ფრანგებს.  ადამიანი გენიალური ქმნილებაა. ახლა მივხვდი თუ რატომ არის ადამიანის ენა ყოველთვის სველი. იგი მუდამ საბრძოლო მზადყოფნაშია ფრანგული ამბორის შესასრულებლად.

ბევრი ფიქრობს, რომ XXI საუკუნეში რომანტიკა აღარაა, მაგრამ როგორც ირკვევა არც ასე საგანგაშოდ ყოფილა საქმე. შორეულ ა.შ.შ.–ში, ჩვენი ქვეყნის სეხნია კოლეჯის, Georgia Tech–ის სტუდენტმა, მეტად ორიგინალური და რომანტიკული გაჯეტი შექმნა – Kiss Controller. საქმე ეხება ბოულინგის თამაშს ფრანგული კოცნის საშუალებით. თამშის წარმატებით დასასრულებლად საჭიროა პარტნიორის პირში ენის სწორად და სწრაფად სრიალი. აი, ნახეთ ვიდეო:

ვიდეო თამაშებისა და კოცნის მოყვარულები ნამდვილად კმაყოფილები დარჩებიან. სავარაუდოდ ტექნოლოგია კიდევ უფრო დაიხვეწება. ვინ იცის, იქნებ მალე ტეტრისის თამაშიც შევძლოთ მსგავსი მეთოდით. ამ მოწყობილობის გამოგონებამდე, იგივე სტუდენტმა თანამედროვე ტექნოლოგიების და კოცნის ერთმანეთთან დაკავშირება სხვა გზითაც სცადა. ამჯერად, ვიდეო თამაშების მაგივრად ფრანგული ამბორის დროს ხელსაწყო მუსიკალურ ბგერებს გამოსცემს. საკმარისია ენის სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობა და მუსიკა აჟღერებას იწყებს.  ვიდეოში უფრო კარგათ ნახავთ მოწყობილობის მუშაობის პრინციპს და მოუსმენთ ფრანგული ამბორის სიმფონიას. (გირჩევთ ვიდეო ბოლომდე ნახოთ, 2:04 წუთის შემდეგ იწყება სიმფონია)

მე თუ მკითხავთ, ეს ვარიანტი ბოულინგზე უკეთესია. ყველა შეყვარებულ წყვილს ეძლევა შანსი თავისი განუმეორებელი სიმფონიის შექმნისა, სადაც დირიჟორიც თავდ იქნება, კომპოზიტორიც, მუსიკოსი და მაყურებელიც. ასევე  საინერესო იდეად მეჩვენება, ფრანგული კოცნით მონიტორზე ასო ბგერები რომ იწერებოდეს – ნამდვილი სასიყვარულო ლექსები შეიქმნებოდა:

ნსაბდსფუვჰ ფგ იგჰც ცბცბბ

მცდვცბდფუ ქუპ ქდბქიპ

რამდენი დამიწერია. კოცნაზე ამდენი ლაპარაკი არ შეიძლება. ბოლოს მაინც ვიტყვი: ჩემი აზრით საჭიროა დედამიწის ცენტრში ცოცხალი ამბორის ქანდაკებები დაიდგას. (რა კარგია რომ დედამიწა მრგვალია და მისი ცენტრი ყოველი ფეხის  ნაბიჯზეა!). ჰო, კიდევ, თუნდაც ზღაპრები გაიხსენეთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს კოცნას ზღაპარში, ბაყაყებიც კი ლამაზ უფლისწულებად გადაიქცევიან ხოლმე კოცნის შემდეგ, მძინარე მზეთუნახავები…