Archive for ‘კატეგორიის მიღმა’

მარტი 28, 2011

ჩემი პირველი ბლოგი

by cdisპიreli

ჩემი პირველი ბლოგი.

მარტი 16, 2011

წიგნი – ყელსაბამი

by cdisპიreli

“საკუთარი მიღწევებით უნდა იამაყო, და არა სამკაულებით.” – ამბობს თინა კანდელაკი. თავიდან დავეთანხმე თინას ამ სიტყვებს, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ დავფიქრდი და ერთი ასეთი კითხვა გამიჩნდა: იქნებ სწორედ მოპოვებული სამკაულებია ქალის მიღწევა? იმ შემთხვევას ვგულისხმობ როცა ეშმაკთან გარიგებული ქალი მდიდარ კაცს აბავს და სისხლთან ერთად ფულს “უშრობს”. ახლა ბევრი დრო არ მაქვს და ამ თემაზე სხვა დროს ვიფიქრებ, ალბათ, მან უკეთ იცის რასაც ამბობს.

მაშინ როცა თინა კანდელაკი სატელევიზიო ეთერში გასვლის წინ საგრიმიოროში იჯდა და ვიზაჟისტი ფუნჯით გრიმს უკეთებდა, ამ დროს, სადღაც მაროკოში არქეოლოგები თავიაანთ ფუნჯებს ისევე ნაზად უსმევდნენ მიწას, როგორც ვიზაჟისტი თინას ლოყებს. არქეოლოგებმა თხარეს, თხარეს და ყველაზე ძველი სამკაულები გამოთხარეს. სამკაულები შეიძლება ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ რა ვქნა, ასეა, თქვენ წაიკითხეთ ხმადაბლა. ნაპოვნი მძივი 82 000 წლის წინანდელი აღმოჩნდა და სულ ცოტათი გაასწრო მანამდე ყველაზე უძველესად მიჩნეულ მძივს წლოვანებით. დიახ, ქალს არ ეკითხებიან ასაკს, მაგრამ ეკითხებიან სამკაულებს.

უდავოა, ქალს ნამდვილად ამშვენებს სამკაულები. როგორც ვიცი უყვართ კიდეც როცა კაცები ჩუქნიან ლამაზ ყელსაბამს, ალბათ იმაზე მეტად, ვიდრე კაცებს – ჩუქება. თუმცა, სამკაულსაც გააჩნია ბოლოს და ბოლოს.

8,5 მილიონ დოლარიანი საყურე და 3 მილიონ დოლარიანი ყელსაბამი. ვაღიარებ, ყელსაბამი ძალიან ლამაზია.

როგორც გავიგე, ყველაზე ძვირად ღირებული საყურე 8,5 მილიონი დოლარი ღირს, შემდეგ მოდის კოლომბიური ზურმუხტებით დამშვენებული ყელსაბამი, მისი ფასი  სულ რაღაც 3 მილიონი დოლარია. კარგით რა, 8 მილიონი ყურზე როგორ უნდა დაიკიდო. ალქაჯების დედოფლად ვაღიარებ მას, ვინც ისე გააბრიყვებს კაცს რომ ეს სამკაულები აყიდინოს.

ახლა კი ჩემი ფავორიტი ყელსაბამი. აი, ისიც, მიესალმეთ.

არ თქვათ არ ვარგაო, მაინც არ დაგიჯერებთ. აქამდე წიგნები მიმაჩნდა საუკეთესო საჩუქრად, ამ ყელსაბამის ნახვის შემდეგ, წიგნებს წიგნი–ყელსაბამიც დაემატა. მისი შეძენა ამ საიტზეა შესაძლებელი. მართალია არც ეს წიგნი–ყელსაბამი ღირს ჩალის ფასი, მაგრამ თუ გინდა, რომ კაცის საუკეთესო სამკაული – ყელზე ხელებ შემოხვეული ქალი – მუდამ ლამაზად გამოიყურებოდეს, მაშინ ჯიბეზეც უნდა გაიკრა ხელი.

სულ სხვანაირი ანჯელინა ჯოლი..

წიგნი–ყელსაბამი ხელნაკეთია და მის ფურცლებზე არაფერი წერია.

წიგნის “თაროები”

 

მარტი 16, 2011

საბეჭდი მანქანა

by cdisპიreli

ილუსტრაციამ შთამაგონა. შევხედე თუ არა თავში საბეჭდი მანქანის კლავიშების კაკუნის ხმა გაისმა. დაუნდობლად ამუშავდა მანქანა. მომეჩვენა რომ კლავიშზე ხელის დარტყმით წამომართული რკინის სვეტის მაგივრად, რომელიც ქაღალდზე ანაბეჭდს ტოვებს, ძველებური ქვის სასროლი მანქანები მიშენდნენ დიდ ლოდებს. ასოების ნაცვლად მანქანა ლოდებს მესროდა. ქვები “ბრძოლის ველზე” დაცემისთანავე სკდებოდნენ და მელნად იღვრებოდნენ. ყველაფერი მელნისფრად შეიღება. გააფრთრებული ბძოლისას, ჩემი ტვინი, ცდილობდა დროულად შეეშრო მელანი და ყველა ფიქრი სწორად აღებეჭდა ზედაპირზე, მაგრამ შეუჩერებელი მელნის ტალღები ძველს შლიდა და ახალს წერდა. ახლა კომპიუტერის კლავიატურაზე კაკუნით ვცდილობ ცოტაოდენი ვირტუალური მელანი აქ გადმოვღვარო და იქნებ როგორმე ვიხსნა ტვინი მელანში ჩაძირვისგან.

ჯერ ბავშვობა გამახსენდა. სკოლიდან დედაჩემის სამსახურში მივდიოდი, მინიმუმ ორი ხუთიანით ჩანთაში, მორცხვად შევდიოდი ოთახში და თუ საშუალება იყო დედის მაგიდასთან ვჯდებოდი – დიდი, შავი საბეჭდი მანქანის წინ. ფეხებს მაგიდის ქვეშ სკივრზე ვაწყობდი (სკივრში ზოგჯერ საჭმელიც ინახებოდა) და უმისამართოდ ვაბღარტუნებდი თითებს კლავიშებზე. გავიდა დრო და მთელი მსოფლიო საბეჭდი მანქნიდან კომპიუტერზე გადაჯდა.

არა და საბეჭდმა მანქანამ ფასდაუდებელი ღვაწლი გასწია XX საუკუნეში. ის ყვალა დაწესებულების აუცილებელი ატრიბუტი იყო. ამ დროს გაჩნდა ახალი, მბეჭდავის პროფესია, რომელიც მთლიანად ქალების საქმედ იქცა. მე თუ მკითხავთ ქალების სამზარეულოდან საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსვლას საბეჭდმა მანქანებმა ძალიან შეუწყეს ხელი, ყოველ შემთხვევაში გარკვეული წვლილი ნამდვილად მიუძღვით. (გაგეცინებათ და თავიდან ფიზიოლოგები ფიქრობდნენ, რომ მანქანაზე ბეჭვდა პრობლემებს შეუქმნიდა ქალს მშობიარობის დროს).

ასევე გასული საუკუნის ძირითადი ლიტერატურული ნაწარმოებებიც საბეჭდ მანქანაზე კაკუნით შეიქმნა. მართალია გრაფომან მწერლებს ხელით წერა ერჩივნათ, მაგრამ ბევრსაც შეუყვარდა იგი. როგორც ამბობენ საბეჭდი მანქანის ხმა, ნიცშეს თავის ტკივილზე ტკივილგამაყუჩებელივით მოქმედებდა.

საინტერესოა რა გავლენას ახდენს ლიტერატურაზე წერის სხვადასხვა საშუალებები. გასაგებია რომ გადამწყვეტი ის ეპოქაა რა ეპოქაშიც მწერალი ცხოვრობს, მაგრამ რაღაც ვერ წარმომიდგენია დენ ბრაუნის მიერ ბატის ფრთით დაწერილი რომანი. ფაქტია რომ კომპიუტერმა კიდევ უფრო ააჩქარა ტექტსის აკრეფვის ტემპი და შესაძლოა ეს ქვეცნობიერად ცვლის კიდეც ტექსტის შინაარს. მოკლედ, არ ვიცი.

რაც ვიცი იმას ვიტყვი: კარგი იქნებოდა ერთი ჯადოსნური საბეჭდი მანქანა მქონდეს, ისეთი, მასზე რა სიტყვებსაც ავრეფდი, წინასწარ ჩაფიქრებული ადამიანის სხეულზე ჩნდებოდეს – კარგად გავერთობოდი. მაგალითად რომელიმე უნამუსო პოლიტიკოსი ტელევიზიით პირდაპირ ეთერში მორიგი ტყუილების ლაპარაკს რომ მოჰყვებოდა, ამ დროს შუბლზე ამოვუბეჭდავდი: – იტყუება! გარდა ამისა, უცნობ ქალს ფეხის თითებზე დავაწერდი – მიყვარხარ! მეც იგივეს დავიწერდი და ამის წყალობით ადვილად მოვძებნიდით ერთმანეთს. მასთან შეხვედრისას ერთმანეთს ფეხისგულებს მივადებდით, როგორც ეს კურ ვონეგუტის წიგნშია (“აკვანი კატისთვის”) და ამ რიტუალით ჩვენს შორის დამყარდებოდა იდეალური და ჰარმონიული სასიყვარულო ურთიერთობა, რისი გამომწვევი ერთ–ერთი მნიშვნელოვანი დეტალი თითებზე დაწერილი სიტყვები იქნებოდა. (არა რა, ერთი საბეჭდი მანქანა ნამდვილად მჭირდება).

მარტი 14, 2011

314 სიტყვა პი–ს შესახებ

by cdisპიreli

ზოგჯერ, იმდენად ვკადნიერდები, მგონია რომ ნებისმიერ ერთ სიტყვაზე შემიძლია პოსტის დაწერა, ხშირად კი გაყინულ თევზს ვემსგავსები და ცარიელი თვალებით ვიყურები აქეთ–იქით. აი, დღეს პი–ს დაბადების დღეა და ვერაფრით ვახერხებ მილოცვას. მეჩვენება, თითქოს სადაცაა “კრაკადილი” გენა მოვა, გადამყლაპავს, მერე ჩემი მონელების პროცესში ნიანგის ცრემლებს დაღვრის და თან ცნობილ სიმღერას იმღერებს ირონიული ტონით და ნიშნისმოგებით: сожалению день рождения, только раз в году. ორიოდე სიტყვით მაინც უნდა მივულოცო პი–ს თორემ მოვიდა ნიანგი.

დავიწყოთ იქიდან, თუ რატომ არის დღეს პი–ს იუბილე. კალენდარს შევხედოთ და ვნახოთ რა თარიღია: 14 მარტი. ახლა ეს თარიღი ციფრებით დავწეროთ: 3.14 –გამოვიდა პი. უფრო მეტი სიზუსტისთვის შეგვიძლია დაბადების ზუსტი დრო დავადგინოთ, (შემდეგი სამი ციფრი წერტილის შემდეგ) ეს არის 1.59 საათი. შევაჯამოთ: პი დაიბადა – 3.14 1: 59. გილოცავ, პი!!!

მინდოდა უფრო სხვანაირი ტორტი მომერთმია, მაგრამ შენ ისეთი ასაკოვანი ხარ, (სამიანის შემდეგ რა რიცხვიც არის ეგ არის პის წლოვანება) რომ მაგ რაოდენობის სანთელს ვერანაირი ზომის ტორტში ვერ ჩავარჭობდი. ყოველწლიურად ცდილობენ პის გამოთვლას და ახალ–ახალ რეკორდს ამყარებენ, მაგრამ ჯერ ვერავინ მოახერხა ბოლომდე გამოთვლა. ბოლო რეკორდი 5 ტრილიონი ციფრია, რომლის გამოსათვლელადაც ძალზედ მძლავრი კომპიუტერი გამოიყენეს. კომპიუტერს ოპერატიული მეხსიერაბა 97 GB ჰქონდა.

ამ დღეებში დარენ არონოვსკის ფილმი “პი” ვნახე, სადაც მთავარ გმირს სჯერა, რომ ნებისმიერი ინფორმაცია ციფრებშია დაშიფრული, რატომაც არა, სრულიად შესაძლებელია. საერთოდ ჩემთვის ძალიან საინტერესოა რიცხვები, სტატისტიკა, თვლა და ყველაფერი რაც რიცხვებთანაა დაკავშირებული.

მაშინ, როცა მსოფლიო ტუალეტის დღეს აღნიშნავს, ერთი თვლის დღე არ უნდა გვქონდეს?! წელიწადში ერთი დღე მთლიანად თვლას უნდა ეთმობოდეს, დავთვალოთ ყველაფერი: კიბეების საფეხურები, (რომელზეც შეიძლება წლებია დავდივართ და არ ვიცით რამდენი საფეხურია) საყვარელი ადამიანის პერანგის ღილების რაოდენობა არ უნდა ვიცოდეთ? (გასაგებია, თუ ვეღარ ითმენ სულაც შემოახევ ყველაფერს, მაგრამ მაინც) საკუთარი წიგნების გვერდების საერთო რაოდენობა, სახლის კედლებზე ჩაამოკიდული სურათების რაოდენობა, მე, მაგალითად მაინტერესებს გარი კასპაროვის მიერ ნათამაშებ საჭადრაკო პარტიებში რამდენი თეთრი ფერის, შავ უჯრებზე მოძრავი კუ იქნა მოკლული და ა.შ. პის გამოთვლას მაინც ვერ ვახერხებთ და ასეთი რაღაცეები მაინც დავთვალოთ.

ბოლოს კი ჩემი ცხოვრების ძალიან პირად ამბებს გაგიმხელთ, ჩემს მიერვე შექმნილი ფილმის საშუალებით. ამ ფილმში თქვენ ნახავთ ყველაფერს რაც აქამდე გადამხდენია:

მარტი 11, 2011

პენსიონერი მეძავები

by cdisპიreli

ვერაკრუსის ძველ პორტში თუ მოხვდი, სანაპიროს გაუყევი, “ჩიკასა” იკითხე და ყველა მიგასწავლის.

ქალაქ მასათლანის პორტის საკონტეინერო ტერმინალის შესასვლელიდან გამოდი, ქუჩას გაუყევი და დაახლოებით ხუთას მეტრში გზაჯვარედინი შეგხვდება, მაცხნივ შეუხვევ და პირველივე სახლია მარჯვნივ – მიყრუებული ადგილის პირდაპირ. სახლი რა, უფრო ქოხმახია. კარს გისოსებიანი სარკმელი აქვს დატანებული. იქვე ცალთვალა მოხუცი კაცი ზის, მარჯვენა ხელი და მარცხენა ფეხი არ აქვს და ადგილობრივ სპირტიან სასმელს ყიდის.

ეს მცირე გზამკვლევი ძირითადად მამაკაცებს დაგჭირდებათ, რადგან ამ მისამართებზე მექსიკურ საპორტო ქალაქებში – ქალებში დროის სატარებელი – დაწესებულებები მდებარეობს. არავინ ვიცით წინასწარ დედამიწის რომელ ნაპირზე გაგვრიყავს ბედისწერის ტალღები.

Calle Cuauhtemoctzin, Mexico City 1934;  Henri Cartier-Bresson

მოგეხსენებათ დრო როგორი ვერაგი რამ არის, არავის ინდობს და ერთ დროს ბორდელებში მოღვაწე ნახევრად შიშველი დიდ ტრაკა ქალები, დიდი ოდენობით წითელი ტუჩის საცხით გათხაპნილი ტუჩებით, მსხვილი და დაგრეხილი მძივებით, ტუჩთან ხელოვნური ხალითა და ბოზური ხარხარით თითქმის მთელი სიცოცხლე თავიაანთი სხეულის ვაჭრობით რომ არიან დაკავებულები – მათაც უწევთ პენსიაში გასვლა. ამ დროს ხშირად მარტო რჩებიან და ქუჩაშიც აღარ დაედგომებათ. სწორედ ასეთი ქალბატონებისთვის გაიხსნა თავშესაფარი ქალაქ მეხიკოში, სადაც ოცდაათამდე ყოფილი მეძავი ცხოვრობს. თავშესაფრის გახსნის ინიციატივა ყოფილ სექს–მუშაკს ეკუთვნის. ალბათ, მოხუცები საღამოობით ერთ ოთახში იკრიბებიან და მათ თავს გადამხდარ ამბებს უყვებიან ერთმანეთს.

ძნელია სხვა ადამიანი განსაჯო და არც ვაპირებ ამის გაკეთებას, (მერე რა რომ არ მიყვარს მაგ პროფესიის ადამიანები) მაგრამ ნეტავ რა უნდა გაიხსენონ? ვის რამდენი კლიენტი ჰყავდა ერთ ღამეში? თუ, ვინ რამდენ დოლარიანი იყო? ასეა თუ ისე, ცხოვრობენ ქალები თავშესაფარში და მშვიდად ელოდებიან სიკვდილს. მთავარია სიზმარში კოშმარები არ დაესიზმროთ.

ახლა წარმოვიდგინე, რომ საქართველოში გახსნეს მსგავსი თავშესაფარი – არაა, არავინ მივიდოდა მანდ საცხოვრებლად – ასე მგონია. ჩვენთან მეძავები  სად არიან.

მარტი 8, 2011

ნაზუქები და ომი სქესთა შორის

by cdisპიreli

წიგნი “გარგანტუა და პანტაგრუელი”, რომლის ავტორი ფრანსუა რაბლე გახლავთ, ბავშვობაში წავიკითხე და თუ სწორად მახსოვს ნაწარმოებში ომის მიზეზი ნაზუქები გახდა, შეიძლება ვცდები. თუმცა ვცდები თუ არა, ამას ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნაკლები მნიშვნელობა აქვს, უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ადამიანები იმდენად სულელები ვართ, ნაზუქების გამო შეგვიძლია ომის დაწყება.

დედამიწაზე არსებულ ხილულ საომარ კომფლიქტებთან ერთად, უხილავი, მაგრამ დაუნდობელი ბრძოლაა გამართული სქესთა შორის. (მიმიქარავს ვარსკვლავური ომები). ამერიკელი სწავლულები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ XXI საუკუნეში ქალები საბოლოო გამარჯვებას იზეიმებენ კაცებთან ომში. მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, სწავლულებმა დაადგინეს, აღმოაჩინეს – სიმართლე გითხრათ, მსგავსი ფრაზები ცოტა არ იყოს უნდობლობას იწვევს ჩემში, ზოგიერთი მათგანი უბრალოდ სენსაციური განცხადება მგონია და მეტი არაფერი. მიუხედავად ამისა, მოდით, მაინც ვნახოთ, თუ ამჯერად რა დაადგინეს მათ. (იქნება მთელი მსოფლიო გარბის და ჩვენ აქ ხომ არ დავრჩებით).

ფსიქოლოგების თქმით, დეპრესია მამაკაცებს შორის სწრაფი ტემპებით იზრდება, რისი მიზეზიც მათი ფუნქციების დაკარგვაა. კერძოდ, იგულისხმება ოჯახის გამოკვების ფუნქცია. (ჩვენებურად რომ ვთქვათ “შემომტანი” აღარ არის). ამერიკაში ფინანსური კრიზისის დროს უმუშევრად დარჩენილი ადამიანებიდან 75% მამაკაცია. იქ სადაც ადრე მხოლოდ კაცები მუშაობდნენ, ახლა უკვე ქალები ართმევენ მათ სამუშაო ადგილებს. 2007 წელს ოჯახების 22%–ში “შემომტანის” ფუნქცია მთლიანად ქალზე მოდის, მაშინ როცა 2004 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 4% იყო. მეცნიერების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ მამაკაცი თავის უძველეს საქმიანობას დაუბრუნდება, ანუ სახლში იტრიალებს, საჭმელს მოამზადებს, დარეცხავს და ა.შ. საბედნიეროდ ყველა არ ეთანხმება ამ მოსაზრებას.

მატრიარქატი ბრუნდება? ისტორია ახალ წრე ბრუნვაზე მიდის? დაგვერხა კაცებს? ვინ გამოაცხობს ნაზუქს, ქმარი თუ ცოლი? აი, როგორ იწყება სქესთა შორის ომი ნაზუქების გამო.

საბოლოოდ ვინ გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში ძნელი სათქმელია, მაგრამ ახლა უკვე არის გამოკვეთილი ისეთი რაღაც–რაღაცეები, რაშიც ქალებმა გაიმარჯვეს:

  • ჭორაობა და გაუთავებელი ლაქლაქი;
  • შოპინგი;
  • ინტუიცია;
  • სენტიმენტალიზმი;
  • ქარაფშუტობა;
  • მოთმინება;
  • ეშმაკობა;

და ა.შ.

პ.ს. სანდო წყაროებიდან შევიტყვე, რომ მომავალი წლიდან 8 მარტის კაცთა დღედ გადაკეთება იგეგმება, ამიტომ ვისარგებლებ შემთხვევით, როგორც ჩანს ბოლო შანსია წელს, და ყველა  ქალს გილოცავთ ქალთა დღეს.