Archive for თებერვალი, 2011

თებერვალი 28, 2011

ცხელი კანი

by cdisპიreli

ის ჭექა–ქუხილის დროს დაიბადა. ელვა ცაზე სისხლძარღვების ფორმის ხაზებს ხატავდა. მეხი ცეცხლს უჩენდა ხეებს და მის ქვეშ თავ შეფარებული შეყვარებული წყვილი ბოლოჯერ ეხუტებოდა ერთმანეთს. (მეხს სულ არ ადარდებს წინა ღამით ბალიშზე დადებულ თავში რა აზრები გიტრიალებს, რაზე ოცნებობ.)

ქალი – ჭექა–ქუხილი, ელვა. (აუფ, როგორ გამაცინე). ის საწოლზე იჯდა შიშველი და გარეთ ისეთივე ამინდი იდგა, როგორ მისი დაბადების დღეს. ოთახში სასიამოვნო სიმყუდროვე სუფევდა, რასაც დრო და დრო ფანჯრიდან შემოსული ელვის ნათება უფრო ამძაფრებდა. ქალის კანი საოცრად ცხელი იყო. სხეულის ერთი კვადრატული სანტიმეტრი ტიტანიკის ჩამძირავ აისბერგს სულ იოლად დაადნობდა, ოკეანეს აათუხტუხებდა. კიდევ უამრავ ფინჯან ყავას აადუღებდა რამდენიც აწ უკვე დანგრეულ ტყუპ ცათამბრჯენებში მომუშავე ხალხს მთელი თვის მანძილზე ეყოფოდა დასალევად. ყავის მომზადებაში დახარჯული შაქრის მთლიანი ღირებულება კი ერთი პატარა, ბედკრული ქვეყნის ბიუჯეტის ტოლფასი გამოვიდოდა. (ინფლაცია ვერაგი რამ არის).

ქალის კანი მხოლოდ ცხელი არ ყოფილა, რბილიც იყო და ბევრი ხალი ჰქონდა. ერთ–ერთ  კისერთან ლავიწის მძვალი და რაღაც ჩაღრავება რომ არის, აი, იქ. კოცნის მომენტში ქალი თავს გვერძე წევდა, მხარს მაღლა და ხალი უფრო ღრმად იმალებოდა ღრმულში, რაც კოცნის სურვილს უფრო აძლიერებდა. სურნელი? – როგორც ბუხარში მოგიზგიზე ხმელი წიფელის შეშის, პლუს მაგიური ნელსაცხებლისა, რომელსაც მისსავე კანქვეშ მოცეკვავე ალქაჯები ამზადებდნენ. (ჰმ, ტყუილი)

მორიგი გაელვების დროს ოთახში კაცის ხელი გამოჩნდა… თითები ნაზად ეხებოდა კანს. და როცა ტუჩები ქალის კანს შეეხოო, გეგონებოდა რომ ამ შეხებაში მთელი კაცობრიობის მიერ დაგროვილი სიყვარული იყო მოთავსებული. (ხა, ხა, ხა).

ცოტა ხანში გაირკვა, რომ ცხელი კანი ასევე უდიდეს ელექტროენერგიის საცავი ყოფილა. მისი საშუალებით დედამიწაზე არსებული ყველა ელექტრო ხელსაწყო უპრობლემოდ იმუშავებდა. აბა, ამის მერე რა გასაკვირია რომ კაცის ყველა მოწყობლობაც წამიერად ჩაირთო. გარეთ კიდევ უფრო მაგრად დაიქუხა, გაიელვა და მეხი ჩამოვარდა.

(წავედი, წავედი, წყალი მქონდა გაზზე დადგმული და ადუღდებოდა – ერთ უშაქრო, მაგრამ ვნებიან ყავას დავლევ.)

Advertisements
თებერვალი 25, 2011

კიბეზე დაგორების სანაცვლოდ

by cdisპიreli

ჰო, არ გამომდის ქალებთან ურთიერთობა – მაგარი მოუხერხებელი ვინმე ვარ. რამდენიმე დღის წინაც ასე დამემართა. ერთ გოგონასთან ერთად ჯერ კიბის საფეხურების ავლა, შემდეგ კი ჩამოვლა მომიწია და მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიცი ქალთან ერთად კიბეზე მოძრაობის წესები, მაინც შემეშალა. მოძრაობის წესი იმაში მდგომარეობს, რომ სუსტი სქესის (ფემინისტები არაფერს იმჩნევთ) წარმომადგელთან ერთად კიბეზე ასვლისას კაცი უკან უნდა მიჰყვებოდეს მას, (თუ არ ბნელა) კიბეზე ჩამოსვლისას – წინ მიუძღოდეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეტიკეტის საკითხებში ჩემი ღრმად განსწავლულობის მიუხედავად, იმდენი მოვახერხე რომ ყველაფერი უკუღმა გავაკეთე. არა და ზოგადად მოუხერხებელი არ ვარ. კედელში ლურსმნის ჩარტყმაც შემიძლია, თან ისე, შემდეგ მთელი თვე ჩაშავებული ფრჩხილით რომ არ ვიარო. ახლახანს მეზობელს “შტეპცელი” გამოვუცვალე, სახლში კი უთო დავშალე. (ახლა აწყობასაც ნუ მომთხოვთ).

ჯანდაბას, ქალებთან თუ არ მიმართლებს, მაგრამ ამ ბოლო ორ თვეში ისეთი რამ შემემთხვა, რაც ყოველგვარ, მე ვიტყოდი სამყაროს საზღვრებსაც კი სცილდება – იმდენი მოვახერხე, რომ წაკითხული წიგნებიდან სამი მათგანი არ მომეწონა! გთავაზობთ უიღბლო სამეულს.

რომანი – მუხრუჭი

სამეულს სათავეში უდგას ცნობილი და სახელმოხვეჭილი ინგლისელი მწერლის, იან მაქიუენის (Ian McEwan) რომანი  “ამსტერდამი”. წიგნის მთავარი გმირები, მეგობრები არიან. ერთი გაზეთის რედაქტორია, მეორე კომპოზიტორი. წიგნის შერჩევისას გადამწყვეტი როლი ანოტაციაში გაჟღერებულმა ევთანაზიის თემამ იქონია. მეგობრები მოილაპარაკებენ რომ თუ ერთ–ერთ მათგანს პრობლემა შეექმნებოდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მეორე ვალდებული იყო დახმარებოდა პირველს, ანუ მარტივად რომ ვთქვა, მოეკლა. ამას იმასაც თუ დავუმატებთ, რომ რომანს1998 წელს ბუკერის პრემია აქვს მინიჭებული, ხოლო მის რუსულ ენაზე მთარგმნელს (რუსულად წავიკითხე) ასევე ჯილდო მიღებული თარგმანისთვის, წესით და რიგით წიგნს იმედები არ უნდა გაეცრუებინა ჩემთვის, მაგრამ გამიცრუა და ეგაა. მწერალი მხატვრული სიტყვის ოსტატადაა მიჩნეული, მე კი ყველაზე მეტად ეგ არ მომეწონა. შეიძლება ეს იმის ბრალიცაა რომ ჩემი რუსულის ცოდნა მოწოდების სიმაღლეზო ვერაა. რუსული ენის ცოდნის დონე ჯომოლუნგმას მწვერვალს, ხოლო ჩემი თავი ალპინისტს რომ შევადარო ახლა სადღაც ოთხი ათასი მეტრის სიმაღლეზე ვარ დაბანაკებული. ნახევრად ხუმრობით რომ ვთქვა, წიგნში ძალიან ბევრი მძიმეა, რაც კითხვის დროს გამუდმებით მამუხრუჭებდა.

კურდღელი ჩამოყრილი ყურებით

მეორე ადგილზე გავიდა ფრანგი მწერალი ტონინო ბენეკვისტა, (Tonino Benacquista) რომანით “კურდღელზე ნადირობა”. ტონინო სანამ სამწერლობო კარიერას დაიწყებდა, მანამდე საერთაშორისო ექსპრესის, პარიზი–რომი, ვაგონის გამცილებელად მუშაობდა. მისი წიგნის გმირიც გამცილებელია და მთელი მოქმედება მატარებელში ხდება. რატომღაც მიყვარს მატარებელი, და თან ასეთ კამერულ სივრცეში განვითარებული მოქმედებაც საინტერესოდ მივიჩნიე. ასევე მაინტერესებდა პროფესიით გამცილებლის ფსიქოლოგიური შტრიხები – გამცილებლად მომუშავე ადამიანზე უკეთ ეს ვინ უნდა იცოდეს. თავიდან თითქოს იყო კიდეც რამდენიმე საინტერესო დეტალი, ის კი არა ფილოსოფიური შეგონებებიც ამოვიკითხე: “არსებობს მხოლოდ ორი რამ, რისთვისაც ღირს ყურადღების დათმობა: წამი და მოთმინება. უნდა შეგეძლოს იცხოვრო ერთითაც და მეორითაც”. ან დაახლოებით რაღაც ასეთი, რომ ახალგაზრდა კაცის თავში ქვიშის საათი არ უდგას და ამიტომ ის უაზროდ ხარჯავს დროს. ფრაზა წამზე და მოთმინებაზე ყველაზე მეტად მომეწონა წიგნიდან. ძირითადად კი ყურებჩამოყრილი ვკითხულობდი.

ჩანაცვლება

ადამიანის ჩანაცვლება, რაღაც მსგავსი ალფრედ ჰიჩკოკის ფილმიდან “თავბრუსხვევა” მახსოვს. მესამე ადგილზე გასული წიგნი ყველაზე ნაკლებად არ მომეწონა, ეს არის “საუკუნის რომანი”. ავტორი პოლონელი მწერალი ქალბატონი იოანა ხმელევსკაიაა. (Joanna Chmielewska) ნაწარმოები ირონიული დეტექტივის ჟანრს განეკუთვნება. ბევრი წიგნი არ მახსენდება ისეთი, რომელიც წაკითხული მაქვს და სადაც მთავარი პერსონაჟი ქალი გახლავთ, ამიტომ წიგნის წაკითხვის მთავარი მოტივი ეს იყო. თან კითხვისას სიცილის მოლოდინიც მქონდა. სიუჟეტზე არაფერს ვიტყვი, ისედაც გამიგრძელდა სიტყვა, ერთს იმას ავღნიშნავ რომ ქალს სხვა ქალბატონის ჩანაცლებას შესთავაზებენ სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ, ქალი დათანხმდება და… პრინციპში კარგი იქნებოდა წიგნი ზედმეტად გაწელილი რომ არ ყოფილიყო, სადღაც ორასი გვერდით დიდი, მეტით არა.

მგონი, ორ თვეში სამი ნაკლებად საინტერესო წიგნის წაკითხვა ბევრია. სულ რომ კიბეებიდან დავგორდე ქალთან ერთად, წიგნის არჩევისას უფრო მეტი მოხერხებულობა უნდა გამოვიჩინო. კარგია “კინდლი” რომ მაქვს და ფაქტიურად ნებისმიერ წიგნამდე მიმიწვდება ხელი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, არჩევანის დახვეწაზე დაფიქრება მმართებს.

თებერვალი 23, 2011

ოსკარი 2011 და ჩემი ამერიკული ოცნება

by cdisპიreli

რა სხვაობაა ჩემსა და ჰოლივუდელ ლამაზმან ვარსკვლავებს შორის? რა და, წუხელ როცა მე მშვიდად მეძინა ისინი იმაზე ფიქრობდნენ თუ როგორი კაბა ჩაიცვან, რომ სხვებზე კარგები, ლამაზები და ორიგინალურები იყვნენ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალზე.

ალბათ, “კოდაკის თეატრის” წინ უკვე გაშალეს წითელი ხალიჩა და სულ მალე მასზე უამრავი ვარსკვლავი ჩაივლის სანუკვარი ჯილდოს მიღების მოლოდინში. კეთილი ჯადოქარი და წითელი ვაშლები ხომ გახსოვთ ზღაპრებიდან? მიზნის მისაღწევად ვაშლებს რომ აძლევს ზღაპრის გმირს და ეუბნება: “აჰა შენ ვაშლები, გააგორე და უკან გაჰყევი.” – ჰოლივუდელი მსახიობებიც ასე მიუყვებიან წითელ ხალიჩას იმ იმედით რომ ის მათ ოსკარამდე მიიყვანს. დარბაზში შედიან, სკამებზე სხდებიან, ჯიბეში წინასწარ დაწერილ სამადლობელ სიტყვას ხელით ეხებიან და ცერომონიალის დაწყებას ელიან გაღიმებულნი.

წლევანდელ “ოსკარებს” ორი ახალგაზრდა მსახიობი წარუძღვება, ესენი არიან: ენ ჰათეუეი (Anne Hathaway) და ჯეიმს ფრანკო (James Franco). მართალია ორივე მსახიობი ახალგაზრდაა, მაგრამ კინომანებისთვის უკვე კარგად ცნობილები არიან. ერთს, ფრანკოს, ჯეიმს დინს ადარებენ,  ჰათეუეის – ჯულია რობერტს. როგორც ორგანიზატორები გვპირდებიან შოუ იქნება არნახული და სიურპრიზებით აღსავსე. წამყვანებიც დიდი მონდომებით ემზადებიან ცერემონიისთვის.

დამეთანხმებით, ზოგადად ლოდინი დიდი ვერაფერი სიამოვნებაა, მაგრამ ოსკარის დაჯილდოების ცქერა და წლის საუკეთესო ფილმის დასახელების მოლოდინში არის რაღაც მიმზიდველი. თან როგორია, როცა იცი რომ ცერემონიალს შენთან ერთად უამრავი ადამიანი უყურებს, ამ დროს მსოფლიო ისე ერთიანია როგორც არასდროს!

ჩემთვის ოსკარების ლაურეატების გამოვლენასთან ერთად არა ნაკლებ საინტერესოა გამარჯვებულების მიერ ემოციების გამოხატვის ფორმები და წარმოთქმული სამადლობელი სიტყვა. პირველი, რაც ამასთან დაკავშირებით მახსენდება ეს არის იტალიელი მსახიობისა და რეჟისორის, რობერტო ბენინის ემოციური ქმედაბა, რომელიც ჯერ სკამიზ საზურგეზე ავიდა და ლამის მთელ დარბაზს თავზე გადაუარა, მერე კი სულ სკუპ–სკუპით აიარა სცენისკენ მისასვლელი კიბეები.

ედრიან ბროუდიმაც კარგად გამოხატა თავისი გრძნობები და ძალზედ ვნებიანად აკოცა ჰოლი ბერის.

თუმცა, უმრავლესობა ასე საინტერესოდ ვერ ახერხებს სიხარულის გამოხატვას. ბევრი მხოლოდ პირზე იფარებს ხელს სიცილის დროს, რომ თავისი 32 კბილი არ გამოაჩინოს. არც ჩემს მიერ უკვე ნახსენები, წინასწარ მომზადებული და ქაღალდზე დაწერილი სამადლობელო ტექსტის ნაკლებობა შეიმჩნევა – გაზეპირებული ფრაზებით. მაგალითად ასეთი: მადლობა დედას, რომელიც მუდამ ჩემს გვერდით დგას, რომ არა ის, მე ამას ვერ მოვახერხებდი. მადლობა მამაჩემს, რომელიც ახლა თავის რანჩოში ცხოვრობს და თხებს უვლის. მადლობა ჩემს პატარა ძამიკოს. მადლობა პარტნიორებს, რომლებთან მუშაობამაც უდიდესი გამოცდილება შემძინა და დაუვიწყარი წუთები მაჩუქა. – მერე ქაღალდს გაშლის და გააგრძელებს – მადლობა სტივენ, რიჩარდ, ჯეკ, მერილ, ჯულია… ამ დროს კი დარბაზში, იგივე ნომინაციაში წარდგენილი უიღბლო ნომინანტი, ჯიბეში ქაღალდს ჭმუჭნის.

ჩემი ამერიკული ოცნებაა რომ “კოდაკის” დარბაზში დამლაგებლად ვმუშაობდე, იქნებ რომელიმე სკამის ქვეშ ან ნაგვის ურნაში ზემოთ ნახსენები ქაღალდები მეპოვნა. ბევრს თუ მოვაგროვებდი მუზეუმს გავხსნიდი, სადაც უიღბლო ნომინანტების დაჭმუჭნულ სამადლობელო სიტვებს გამოვფენდი. მუზეუმი გახდებოდა ძალიან პოპულარული, ეყოლებოდა უამრავი დამთვალიერებელი რისი წყალობითაც ვიშოვიდი ბევრ ფულს და მოვიხვეჭდი სახელს. ოსკარზეც საპატიო სტუმრის სტატუსით მიმიწვევდნენ და მომავალში, “ოსკარების” წინ პოსტის წერის ნაცვლად სმოკინგის შერჩევაზე ვიფიქრებდი ღამ–ღამობით. კარგი იქნება ჩემი ამერიკული ოცნება რეალობა თუ გახდება, მანამდე კი წავალ, მშვიდად დავიძინებ.

თებერვალი 21, 2011

141 420 წუთი

by cdisპიreli

 

სამხრეთ კორეელი ლი, დილით 5:30 საათზე იღვიძებს, იღებს შხაპს, საუზმობს, კოცნის მეუღლეს და მატარებლის სადგურისკენ მიიჩქარის. ორ საათიანი მგზავრობის შემდეგ ის სეულშია – თავის სამუშაო ოფისში. მუშაობას საღამოს ცხრა საათზე ამთავრებს და უკან, სახლისკენ მოემგზავრება მატარებლით. საღამოს შხაპი, ვახშამი, (ცოლზე და კოცნაზე ამჯერად არაფერია ნათქვამი) ძილი და მოკლე სიზმრები. დილით ისევ გაღვიძება და ყველაფერი მეორდება. ასე გრძელდება მთელი წლის მანძილზე, კვირაში ექვსი დღის განმავლობაში.

მოკლედ, ლის სამუშაო გრაფიკი იმდენად გრძელი და დამქანცველია, რამდენადაც მისი გვარია მოკლე. ჯამში ის წლის მანძილზე 2 357 საათს მუშაობს, ანუ 141 420 წუთს.

ახლა უნდა ვიანგარიშო რამდენი რამის გაკეტებაა შესაძლებელი ამ დროში.

  1. წიგნის 94 280 გვერდის წაკითხვა;
  2. 2 საათიანი 1 179 ფილმის ნახვა;
  3. 1 571 საფეხბურთო მატჩის ცქერა; (ამდენი მატჩი 24 მსოფლიო ჩემპიონატის მანძილზე გაიმართება)
  4. 28 284 ხუთ წუთიანი სიმღერის მოსმენა; (დაახლოებით 3 535 ალბომი.)
  5. მოხერხებულობისდა მიხედვით თითქმის 70 710 ფინჯანი ყავის მოდუღება;
  6. 141 420 ამბორი ტუჩებში; (ვაუ)
  7. 848 520 ცალი კაკლის გატეხვა;
  8. კიდევ უფრო ბევრჯერ თავის გატეხვას;
  9. ლიფტით 3 142 670 სართულიანი შენობის კენწერომდე ასვლა;
  10. ფორმულა 1–ის მექანიკოსები ამ დროში მოასწრებენ 84 852 ბოლიდისთვის საბურავების გამოცვლას და მანქანაში საწვავის ჩამატებას.
  11. 2 357 სისულელის მოფიქრება;

 

თებერვალი 18, 2011

მინდა მთელი მსოფლიო ჩემ სიზმარს ხედავდეს

by cdisპიreli

ანინამ დაწერა პოსტი “რაც მინდა“, სურვილების მოკლე ჩამონათვალი, ბოლოს იკითხა, შეგიძლიათ თითო სურვილი თქვენც დაწეროთო? როგორ არა, ოღონდ ერთი სურვილი ძალიან ცოტაა, აამიტომ აქ დავწერ რამდენიმეს. თან მინდა სხვას მივბაძო, თორემ სინჯარა წარწერით “მიმბაძველი” ნაბახუსევზე მყოფი კაცივით პირგამომშრალი შემომყურებს.

მას აშე, უკაცრავად, მაშ ასე!

მინდა სალვადორ დალის ბუზები, ულვაშებზე რომ ესხდნენ, ახლა ჩემს ოთახში დაფრინავდნენ.

მინდა თელონიუს მონკი ჩემ ხელმარცხნივ მდგარ პიანინოსთან იჯდეს და უკრავდეს.

მინდა სეიფის კოდი ვიცოდე და არ ვიცოდე იქ რა დევს.

მინდა ათეისტებით სავსე დიდ ყვითელ ავტობუსს, დიდად მორწმუნე მართლმადიდებელი მძღოლი მართავდეს, რომელიც ყველა ეკლესიის დანახვაზე პირჯვარს იწერს. (იქნებ როგორმე ხევში გადაიჩეხოს ავტობუსი და აბსოლიტურად ყველამ სხეულის მოტეხილობები მიიღონ, თორემ გაბურღეს ტვინი ცალკე სამარხვო ხაჭაპურებით და ცალკე ამ ხაჭაპურებზე კაიფით).

მინდა კარგად დაიმახსოვროთ, რომ იარაღი ყვავილებს არ ისვრის.

აკვარიუმი მინდა ოქროს თევზებით.

ჯომოლუნგმას დაპყრობა მინდა.

ალუბალიც მინდა.

მინდა დრო იყოს ჩემი საყვარელი და ყოველთვის უხვად მასაჩუქრებდეს მისთვის დახარჯული დროის სანაცვლოდ.

ქუჩაში მომავალი ლამაზი, გრძელთმიანი გოგოს გამოჩენაზე მინდა ქარი უბერავდეს.

როცა მოვკვდები მინდა, რომ წიგნებისგან შეკრულ კუბოში ჩამასვენონ და დამწვან.

მინდა პირი ამოვიკერო.

მინდა ისე მიყვარდეს რომ მისთვის მხოლოდ ყურის მოჭრით არ დავკმაყოფილდე, მინდა მისთვის პენისი მოვიჭრა.

მინდა სახლში ქართულად მოსაუბრე თუთიყუში მყავდეს, რომელსაც ზეპირად ეცოდინება მთელი ვიკიპედია.

ცოტა ხნით მინდა გოგი გვახარიას სათვალეებით ვუცქირო ცხოვრებას.

მინდა ცუდად გავხდე და საავადმყოფოში სექსუალური ექთანი მივლიდეს.

მინდა მუდმივად ვიცვლებოდე.

მინდა მწვანე თოვლი ცვიოდეს ციდან.

ყველა ჟღალთმიანი ქალის სურნელი მინდა.

მინდა ოკეანეში ერთი კონკრეტული ვეშაპის საძიებლად გავცურო საკუთარი ფრეგატით.

ყოველ ღამით ჩაის აბაზანები მინდა.

კატლეტი მინდა კართოფილის პიურეთი.

მინდა იმდენად ჭკვიანი ვიყო, ან სულელი, რომ არაფერზე არ ვდარდობდე.

მინდა ოთხჯერ მოვიკლა თავი.

შენთან მინდა.

მინდა მთელი დედამიწა ჩემ სიზმარს ხედავდეს და როგორ კრისტოფერ ნოლანის ფილმშია (inception) ადამიანების თავში იდეის ჩანერგვა შემეძლოს.

მინდა მზერით აფეთქება შემეძლოს.

ჩარლზ ბუკოვსკი ამბობს: “სიყვარული, გავიფიქრე აბაზანისკენ მიმავალმა, უფრო მალე შრება ვიდრე სპერმა” – მინდა პირიქით იყოს.

მინდა რომ აქ ჩამოთვლილი სურვილებიდან ყველა არ მინდოდეს.

თებერვალი 16, 2011

შეშლილთა ალქიმია

by cdisპიreli

ნახევრად ჩაბნელებული ოთახი, მაგიდა, ერთი სკამი, საწოლი, წიგნის თაროები წიგნებით და დიდი არეულობა. საწოლი ასალაგებელი და ერთმანეთში ახლართული ჭუჭყისგან გაშავებული შავი ზეწარი. მაგიდაზე ლამპა იდგა გაბოლილი შუშით, იქვე გასარეცხი თეფში – ეტყობოდა რომ კარგად მოელოკათ, მაგრამ ნარჩენებისგან ზოლები მაინც დარჩენილიყო. მაგიდაზე პურის ნამცეცები ეყარა, რომელსაც ისეთი უცნაური ფერი ჰქონდა, ჩიტიც არ იკადრებდა ნისკარტის გასვრას. წითელი ტყემლის ბოთლი, უსახურავოდ და გვერდებზე ჩამოსული ტყემლის წვეთებით. იატაკზე “პლიტა” იდგა, ბევრ ადგილას გადაბმული სპირალით.

ჩემი სამუშაო კაბინეტი.

კიდევ ბევრი დეტალი მახსოვს ოთახთან დაკავშირებით, მაგრამ საკმარისია, ან რა დამავიწყებდა. ყველაფერი კარგად მახსოვს თავის ცოტა არ იყოს და უცნაურ პატრონთან ერთად. ისეთი ტიპი იყო, ხალხი რომ ამბობს: ბევრი ცოდნისგან გარეკაო. შეიძლება მართლა უბერავდა – სიცოცხლის გახანგრძლივების იდეები აწუხებდა, მეცნიერებაში გადატრიალების მოხდენა სურდა. მასთან ათიოდე წლის წინ ვიყავი – პირველად და უკანასკნელად. ახლა ისიც არ ვიცი, ცოცხალია თუ არა.

 

მართალია თქვენ ამ პიროვნების ცნობის ბედნიერება არ გქონიათ, მაგრამ რობერტ ლუის სტივენსონს ხომ იცნობთ, მეც მასზე განვაგრძობ წერას. ცნობილი შოტლანდიელი მწერალი, ინგლისური ნეორომანტიზმის წარმომადგენელი, ავტორი წიგნისა “განძთა კუნძული” და არა მარტო. ცოტა ხნის წინ მისი წიგნი, “ექიმ ჯეკილის და მისტერ ჰაიდის უცნაური ისტორია” წავიკითხე. ექიმ ჯეკილს უცნაური იდეები “აწუხებდა”. მას სჯეროდა, რომ ადამიანში თანაბრად არსებობდა ბოროტება და სიკეთე, უბრალოდ ზოგი კეთილ საწყის უფრო მეტად ანვითარებდა საკუთარ თავში, ბოროტების დათრგუნვის გზით – ზოგი პირიქით. ჯეკილმა გადაწყვიტა ისეთი წამალი დაემზადებინა, რომლის საშუალებითაც ადამიანიდან მთლიანად გამოეყოფოდა ბოროტება და ამ გზით შეძლებდა მის მართვას.

აქ მივხვდი, რომ რაღაც ასეთი მეც უნდა გამეკეთებინა! რითი ვარ ნაკლები ექიმ ჯეკილზე, წითელი ტყემალი კი მეც მიყვარს.  ბლოგი ზუსტად რომ ექსპერიმენტის განსახორციელებლად მჭირდება.

ასე, რომ ვინც ჯერ კიდვ ვერ მიხვდა თუ რა მიზანს ემსახურება ეს ბლოგი, ვეცდები უფრო გასაგებად განვმარტო.

თქვენ სტივენსონთან ერთად პატრიკ ზიუსკინდიც გეცოდინებათ მისი პარფიუმერით. ჟან–ბაპტისტ გრენუი – მკვლელი, სურნელების შემგროვებელი, გამაოგნებელი ძალის სუნამოს შემქმნელი. მოკლული ქალების სხეულიდან აღებული სურნელების შეერთებით სასწაული რომ მოახდინა. მეც დაახლოებით მსგავსი რამის გაკეთებას ვგეგმავ, თუმცა ადამიანების დახოცვას არ ვაპირებ. ჩემი ინტერესების სფეროშია აზრები, ფიქრები, ემოციები, გრძნობები, რომლებიც თქვენშია. ჯონ მალკოვიჩი არ ვარ და ადამიანის თავში შეღწევა არ შემიძლია, სამაგიეროდ სხვა საშუალებები მოვიფიქრე.

ამ წუთისთვის ჩემს ლაბორატორიაში, თაროებზე უამრავი ცარიელი სინჯარა დევს და მოუთმენლად ელიან თუ როდის აივსებიან ფერადი სითხეებით. სითხის მიღების წესი ასეთია:

  • უნდა ვიფიქრო ისე და განვიცადო ყველა ის გრძნობა რასაც განიცდის სხვა, ძალიან ბევრი, სხვადასხვა ტიპის და ხასიათის ადამიანი. (მაგალითად სნობი, ინტელიგენტი, სულელი, ლიბერალი, მხიარული, სევდიანი, თინეიჯერი გოგო, გასათხოვარი ქალიშვილი, სექსუალური უმცირესობების დამცველი, მაზოხისტი, სექსუალური მანიაკი, მელომანი, წიგნის მოყვარული, მთავრობის ჯამბაზი და ა.შ. ძალიან ბევრია).
  • მარტო ფიქრი და განცდა საკმარისი არ არის, აუცილებელია ამ ყველაფრის დაწერა.
  • შემეძლო მარტო ჩემთვის მეწერა პირად რვეულში, მაგრამ სასიცოცხლოდ საჭიროა მკვითხველი, რომელიც წაიკითხავს ჩემს ნააზრევს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯადოსნურ სითხეს ვერ დავამზადებ.
  • ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების შედეგად მივიღებ სხვადასხვა კომბინაციის პი–ებს, რომლებსაც განსაკუთრებული წესით შევურევ ჩემს “ფირმის საიდუმლოებას” და დავამზადებ სითხეს. (მაგალითად, ლიბერალური პოსტების გარკველი რაოდენობით დაწერის შემდეგ მივიღებ სითხეს “ლიბერალი”, რომელიც ჩაისხმება სინჯარაში წარწერით “ლიბერალი”, სნობური პოსტების შემდეგ მიიღება სითხე “სნობი” და ა.შ.).

ბოლოს მოხდება მთავარი – შეგროვილ სითხეებს ერთად ჩავასხამ დიდ ყანწში და დავლევ!!! ამით ჩემში ჩაიღვრება უამრავი ტიპაჟის, ხასიათის და აზროვნების მქონე ადამიანების ფილოსოფიური სუბსტანცია – გავხდები ერთდროულად ბევრი თქვენგანის მსგავსი და ჭეშმარიტად თავისუფალი ადამიანი.

საკუთარი თავისგან გათავისუფლება