ჩემი პირველი ბლოგი.
უცნობი ქალი, რომელიც ვერ გახდა ნაცნობი
მე და ჰამლეტი ერთად ვისხედით და საუბარი უცნობებზე ჩამოვარდა, როგორც დამპალი ვაშლი ვარდება მიწაზე. რა გავლენა აქვთ უცნობ ადამიანებს ჩვენს ცხოვრებაზე, საიდან მოდიან და სად მიდიან, ან რატომ არ მოდიან? ამ და კიდევ ბევრ კითხვაზე ვცდილობდით პასუხის გაცემას მე და ჰამლეტი. აბა, ჰამლეტი რის ჰამლეტი იქნებოდა, რაიმე ისტორია რომ არ ჰქონოდა თემასთან დაკავშირებით, ისტორია ასეთია:
ჰამლეტი, უცნობი ქალი ავტობუსში და მისი სულელური შეცდომა
2002 წელი იყო. როგორც იქნა ავტობუსი მოვიდა და მეც დიდი გაჭირვებით ავფოფხდი. გამიმართლა და ასასვლელ საფეხურზე მერგო საპატიო ადგილი, მე რა თუ ფაქტიურად ცალ ფეხზე ვიდექი და უცნობი ადამიანი მაწვებოდა თავისი უკანალით –რაც მთავარია ავტობუსში ვიყავი. ავტობუსი დაიძრა, ხალხი ცოტა შეჯანჯღარდა და უფრო თავისუფლად დავდეგი ფეხზე, წელში გაიმართაო რომ ამბობენ ახლად გამდიდრებულ კაცზე, აი, ჩემზეც შეიძლებოდა მაგის თქმა, ოღონდ პირდაპირი გაგებით.
მყარად დავდექი თუ არა ფეხზე, თავი ავწიე და რას ვხედავ – ულამაზესი გოგო დგას ჩემთან ახლოს, საოცრად მშვიდი სახით, ღრმა ჩაფიქრებული ლამაზი თვალებით, ნაზი და გამოკვეთილი ნაკვთიანი სახე ჰქონდა. ლამაზი, სიცივისგან ოდნავ დაშაშრული ტუჩები, პატარა და საყვარელ ყურებს ტალღოვანი თმა უფარავდა. და თითები? მსგავსი სილამაზე არაფერი მინახავს. მის ხელს დიდი ხანი ვაკვირდებოდი, რადგან სკამის საზურგეზე იყო ჩაჭიდებული.
მანამდე ავტობუსში არავინ გამიცვნია, საერთოდ ძნელია ჩემთვის ეგეთი რაღაცეები. არა და მაგ დროს ჯერ კიდევ ყველას არ ჰქონდა მობილური ტელეფონი და გაცნობის ერთ–ერთი საშუალება– რომელი საათია?– ჯერ კიდევ შეიძლებოდა რომ გამომეყენებინა. ახლა ეგ მეთოდი სრულიად გამოუსადეგარი გახდა, მაგრამ რას იზავ, არც მზის საათების დროს იყო მაგის საშუალება. ძალიან მოკლე პერიოდში მოუწია არსებობამ.
ჰოდა, რას ვამბობდი, ის გოგო რომელიც ჩემთვის აქამდე უცნობად დარჩა, დღემდე მახსოვს და ხშირად ვიხსენებ ხოლმე. იქნებ მაშინ გამებედა კიდეც და გამოვლაპარაკებოდი, გავხდებოდით ნაცნობები და ერთად ვიხოვრებდით, მაგრამ დავუნახე რომ თითზე ბეჭედი ეკეთა. აქ შევცდი მწარედ, ამ შეცდომას მერჩივნა ორი ქოთანი მწარე წიწაკა შემეჭამა. შეცდომა კი იქ დავუშვი, რომ ის ბეჭედი ჩვეულებრივი იყო და არა საქორწილო, თან მარცხენა ხელზე ეკეთა, ამას მოგვიანებით მივხდი. მარცხენაზე თუ მარჯვენაზე? აუ, სულ მერევა რა ეგ, ვეღარ დავიმახსოვრე რომელ ხელზე უკეთიათ საქორწილო ბეჭედი.
ამის შემდეგ ჰამლეტი გაუთავებელ წუწუნს მოჰყვა, როგორც სჩვევია, მაშინ რომ გაბედულად მოვქცეულიყავი სხვანაირად წავიდოდა ჩემი ცხოვრებაო, ყვავმა დასჩხავლა ჩემ ბედსო და ა.შ.
არადა სად აღარ შეხვდებით უცნობებს, ყველგან ისინი არიან: ქუჩაში, ბაზარში, კინოში, მაღაზიებში, მატარებელში… ხვალ ქუჩაში გავალ და ისევ შემხვდება, უცნობი ნომრით 1 457 211. ჩემი მეგობრის ბედი რომ არ გავიზიარო, თუკი მეც მომეწონა ვინმე უცნობი ქალი, მივალ და ვეტყი: გამარჯობა, თქვენ “დაპატიმრებული” ხართ ჩემი მეხსიერების მიერ, თქვენი ნომერია ნაცნობი 2 408.
წიგნი – ყელსაბამი
“საკუთარი მიღწევებით უნდა იამაყო, და არა სამკაულებით.” – ამბობს თინა კანდელაკი. თავიდან დავეთანხმე თინას ამ სიტყვებს, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ დავფიქრდი და ერთი ასეთი კითხვა გამიჩნდა: იქნებ სწორედ მოპოვებული სამკაულებია ქალის მიღწევა? იმ შემთხვევას ვგულისხმობ როცა ეშმაკთან გარიგებული ქალი მდიდარ კაცს აბავს და სისხლთან ერთად ფულს “უშრობს”. ახლა ბევრი დრო არ მაქვს და ამ თემაზე სხვა დროს ვიფიქრებ, ალბათ, მან უკეთ იცის რასაც ამბობს.
მაშინ როცა თინა კანდელაკი სატელევიზიო ეთერში გასვლის წინ საგრიმიოროში იჯდა და ვიზაჟისტი ფუნჯით გრიმს უკეთებდა, ამ დროს, სადღაც მაროკოში არქეოლოგები თავიაანთ ფუნჯებს ისევე ნაზად უსმევდნენ მიწას, როგორც ვიზაჟისტი თინას ლოყებს. არქეოლოგებმა თხარეს, თხარეს და ყველაზე ძველი სამკაულები გამოთხარეს. სამკაულები შეიძლება ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ რა ვქნა, ასეა, თქვენ წაიკითხეთ ხმადაბლა. ნაპოვნი მძივი 82 000 წლის წინანდელი აღმოჩნდა და სულ ცოტათი გაასწრო მანამდე ყველაზე უძველესად მიჩნეულ მძივს წლოვანებით. დიახ, ქალს არ ეკითხებიან ასაკს, მაგრამ ეკითხებიან სამკაულებს.
უდავოა, ქალს ნამდვილად ამშვენებს სამკაულები. როგორც ვიცი უყვართ კიდეც როცა კაცები ჩუქნიან ლამაზ ყელსაბამს, ალბათ იმაზე მეტად, ვიდრე კაცებს – ჩუქება. თუმცა, სამკაულსაც გააჩნია ბოლოს და ბოლოს.
8,5 მილიონ დოლარიანი საყურე და 3 მილიონ დოლარიანი ყელსაბამი. ვაღიარებ, ყელსაბამი ძალიან ლამაზია.
როგორც გავიგე, ყველაზე ძვირად ღირებული საყურე 8,5 მილიონი დოლარი ღირს, შემდეგ მოდის კოლომბიური ზურმუხტებით დამშვენებული ყელსაბამი, მისი ფასი სულ რაღაც 3 მილიონი დოლარია. კარგით რა, 8 მილიონი ყურზე როგორ უნდა დაიკიდო. ალქაჯების დედოფლად ვაღიარებ მას, ვინც ისე გააბრიყვებს კაცს რომ ეს სამკაულები აყიდინოს.
ახლა კი ჩემი ფავორიტი ყელსაბამი. აი, ისიც, მიესალმეთ.
არ თქვათ არ ვარგაო, მაინც არ დაგიჯერებთ. აქამდე წიგნები მიმაჩნდა საუკეთესო საჩუქრად, ამ ყელსაბამის ნახვის შემდეგ, წიგნებს წიგნი–ყელსაბამიც დაემატა. მისი შეძენა ამ საიტზეა შესაძლებელი. მართალია არც ეს წიგნი–ყელსაბამი ღირს ჩალის ფასი, მაგრამ თუ გინდა, რომ კაცის საუკეთესო სამკაული – ყელზე ხელებ შემოხვეული ქალი – მუდამ ლამაზად გამოიყურებოდეს, მაშინ ჯიბეზეც უნდა გაიკრა ხელი.
სულ სხვანაირი ანჯელინა ჯოლი..
წიგნი–ყელსაბამი ხელნაკეთია და მის ფურცლებზე არაფერი წერია.
წიგნის “თაროები”
არა შემთხვევითი პოსტი
ახალგაზრდა წყვილი სკვერში განმარტოებით ისხდნენ სკამზე. ჩვეულებრივი დღე იყო. გოგო ნელ–ნელა სულ უფრო ახლო იწევდა ბიჭისკენ. არც ისე მოულოდნელად ქალის ხელმა ყმაწვილის შარვლის უბის შეხსნა დაიწყო. პირველი ღილი ადვილად შეხსნა, მეორე კი ცოტა გაჯიუტდა და შარვალს მოსწყდა, მაგრამ ვის ჰქონდა ღილის დარდი. მალე ახალგაზრდა წყვილი პრაღაში მდებარე ძეგლს დაემსგავსა.
ბიჭი “გაქვავებას” აპირებდა, როცა თავზე პოლიციელი დაადგათ მკაცრი სახით და ყოველგვარი ჩახველებისა და შესავლების გარეშე “საქმიანობის” შეწყვეტა, ან ტერიტორიის დატოვება მოსთხოვათ. რაღას იზავდნენ, ტანსაცმელი მოიწესრიგეს, ბიჭმა მოწყვეტილი ღილი აიღო და იქაურობას გაეცალნენ.
სახლიდან გამოსული გრიშა თმების სწორებით ჩაუყვა კიბეებს. იმ დღეს პირველად მიდიოდა პაემანზე. ჯერ გოგოსთვის არ ეკოცნა და ცოტას ღელავდა. მეორე სართულს რომ მიუახლოვდა გრიშას ჩუმი ხმები შემოესმა და შეყოვნდა, ფრთხილად ჩაიხედა დაბლა, სადაც კარებზე მიყრდნობილი ქალ–ვაჟი დაინახა. “აქვე დაგიკერო ღილი თუ სახლში შევიდეთ?”– სიცილით ჰკითხა გოგომ ბიჭს. ბიჭმა არაფერი უპასუხა და ზასაობა გააგრძელა. გრიშას ბევრი პორნო ჰქონდა დაგემოვნებული, მაგრამ რეალურად ნანახმა ვნებიანმა სცენამ ძალიან იმოქმედა მასზე. ერთი დიდი ნერწყვი გადაყლაპა და ხელი შარვლისკენ წაიღო, ღილები შეიხსნა… ამ დროს მისმა ტელეფონმა დარეკა. დაბნეულმა ბიჭმა სასხრაფოდ ამოიღო ხელი ტრუსიკიდან, მერე ტელეფონი ჯიბიდან: “ალო, გისმენთ”, (…), “არა, მე არ ვარ, სხვაგან მოხვდით”. ბედი არ გინდა! ქვევით ჩაიხედა და დაინახა კარები როგორ მოიკეტა. გრიშამ ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და გზა განაგრძო.
გრიშა სკვერში შევიდა, სკამზე დაჯდა და ლოდინი დაიწყო. გოგოც მალე გამოჩნდა. მიესალმნენ ერთმანეთს და საუბარი გააბეს. ასე ისაუბრეს ნახევარი საათი და გოგო წასასვლელად წამოდგა. წასვილ წინ გრიშას გამჭოლი მზერით შეხედა და დამცინავი ტონით უთხრა: “მომავალში, სხვა გოგოს როცა შეხვდები, შარვალზე ღილების შეკვრა არ დაგავიწყდეს. სასაცილო ტიპი კი ხარ ისე, მაგრამ მე აღარ მომწერო”.
ჩაფლავებული პირველი პაემნის შემდეგ გრიშამ ყურსასმენები გაიკეთა და სახლისკენ წავიდა. ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს მაგრად იყო ნაცემი. ამ გრძნობას ის სიმღერაც უძლიერებდა, რომელსაც უსმენდა – Maroon 5 – Misery. იგი იმდენად გაითიშა, ქუჩის გადაკვეთისას თვალის დახამხამება ვერ მოასწრო, ისე დაეჯახა მანქანა.
თვალი რომ გაახილა პირველად ნათურის შუქი გაარჩია და მხოლოდ ამის შემდეგ ახალგაზრდა ექთანი გოგონას სახე, რომელიც ეშმაკურად უღიმოდა და ეუბნებოდა,– “ყველაფერი კარგად იქნება”, – ექთანში მან დღისით კიბეებზე, კარებზე აკრული ქალის სახე ამოიცნო.
არა, მოთხრობების წერა არ დამიწყია, უბრალოდ ერთ ფილმზე მინდოდა მომეყოლა და ერთგვარი ჟურნალი შემოგთავაზეთ. თავად ფილმი ფრანგული გახლავთ, The Beating of the Butterfly’s Wings, ჟანრი: კომედიური მელოდრამა. ფილმს არც ვნახავდი რომ არა ოდრი ტოტუ. ფილმი 2000 წელს გამოვიდა კინოეკრანებზე, მაშინ როცა ოდრი ტოტუ, ჯერ არ იყო ამელი, საიდანაც ყველას შეგვაყვარა თავი, ამ მართლაც გენიალური ფილმიდან.
მინდა გითხრათ, რომ ჩემ მიერ მოყოლილი ჟურნალის სიუჟეტი პირდაპირ ეხმიანება ფილმის სიუჟეტს. ანუ, ფილმის რეჟისორს სურს დაგვარწმუნოს იმაში, რომ შემთხვევითობა არ არსებობს, სამყარო დეტერმინისტულია, ყველაფერი ერთმანეთზეა გადახლართული და ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალმაც კი შესაძლოა მთლიანად შეცვალოს ადამიანის ცხოვრება, თუნდაც ისეთი დაუჯერებელი რამ, როგორიც პეპლის მიერ მსუბუქად მოქნეული ფრთების გამო ამოვარდნილი ქარბუქია. ამ თემაზე უამრავი თეორია არსებობს, როგორიცაა “ქაოსის თეორია”, “პეპლის ეფექტი”, “დომინოს პრინციპი”.
რადგან შესავალი დიდი გამომივიდა, ფილმზე ბევრს აღარ დავწერ, პრინციპში სათქმელიც ბევრი არაფერია. მართალია ცუდი საცქერი ნამდვილად არ არის, მაგრამ არც შედევრია – საშუალო დონის ფილმია. ჩემი შეფასებაა 6/10. (იხილეთ ფილმი ონლაინში)
პ.ს. იმედია, ამ პოსტის წაკითხვა რაიმე უარყოფით გავლენას არ იქონიებს მკითხველებზე. გამიხარდება პირიქით თუ იქნება, მაგალითად კითხვის დროს გვერდით მდგარი ცხელი ყავის არსებობა თუ დაგავიწყდათ და ენის დაწვას გადაურჩით.
საბეჭდი მანქანა
ილუსტრაციამ შთამაგონა. შევხედე თუ არა თავში საბეჭდი მანქანის კლავიშების კაკუნის ხმა გაისმა. დაუნდობლად ამუშავდა მანქანა. მომეჩვენა რომ კლავიშზე ხელის დარტყმით წამომართული რკინის სვეტის მაგივრად, რომელიც ქაღალდზე ანაბეჭდს ტოვებს, ძველებური ქვის სასროლი მანქანები მიშენდნენ დიდ ლოდებს. ასოების ნაცვლად მანქანა ლოდებს მესროდა. ქვები “ბრძოლის ველზე” დაცემისთანავე სკდებოდნენ და მელნად იღვრებოდნენ. ყველაფერი მელნისფრად შეიღება. გააფრთრებული ბძოლისას, ჩემი ტვინი, ცდილობდა დროულად შეეშრო მელანი და ყველა ფიქრი სწორად აღებეჭდა ზედაპირზე, მაგრამ შეუჩერებელი მელნის ტალღები ძველს შლიდა და ახალს წერდა. ახლა კომპიუტერის კლავიატურაზე კაკუნით ვცდილობ ცოტაოდენი ვირტუალური მელანი აქ გადმოვღვარო და იქნებ როგორმე ვიხსნა ტვინი მელანში ჩაძირვისგან.
ჯერ ბავშვობა გამახსენდა. სკოლიდან დედაჩემის სამსახურში მივდიოდი, მინიმუმ ორი ხუთიანით ჩანთაში, მორცხვად შევდიოდი ოთახში და თუ საშუალება იყო დედის მაგიდასთან ვჯდებოდი – დიდი, შავი საბეჭდი მანქანის წინ. ფეხებს მაგიდის ქვეშ სკივრზე ვაწყობდი (სკივრში ზოგჯერ საჭმელიც ინახებოდა) და უმისამართოდ ვაბღარტუნებდი თითებს კლავიშებზე. გავიდა დრო და მთელი მსოფლიო საბეჭდი მანქნიდან კომპიუტერზე გადაჯდა.
არა და საბეჭდმა მანქანამ ფასდაუდებელი ღვაწლი გასწია XX საუკუნეში. ის ყვალა დაწესებულების აუცილებელი ატრიბუტი იყო. ამ დროს გაჩნდა ახალი, მბეჭდავის პროფესია, რომელიც მთლიანად ქალების საქმედ იქცა. მე თუ მკითხავთ ქალების სამზარეულოდან საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსვლას საბეჭდმა მანქანებმა ძალიან შეუწყეს ხელი, ყოველ შემთხვევაში გარკვეული წვლილი ნამდვილად მიუძღვით. (გაგეცინებათ და თავიდან ფიზიოლოგები ფიქრობდნენ, რომ მანქანაზე ბეჭვდა პრობლემებს შეუქმნიდა ქალს მშობიარობის დროს).
ასევე გასული საუკუნის ძირითადი ლიტერატურული ნაწარმოებებიც საბეჭდ მანქანაზე კაკუნით შეიქმნა. მართალია გრაფომან მწერლებს ხელით წერა ერჩივნათ, მაგრამ ბევრსაც შეუყვარდა იგი. როგორც ამბობენ საბეჭდი მანქანის ხმა, ნიცშეს თავის ტკივილზე ტკივილგამაყუჩებელივით მოქმედებდა.
საინტერესოა რა გავლენას ახდენს ლიტერატურაზე წერის სხვადასხვა საშუალებები. გასაგებია რომ გადამწყვეტი ის ეპოქაა რა ეპოქაშიც მწერალი ცხოვრობს, მაგრამ რაღაც ვერ წარმომიდგენია დენ ბრაუნის მიერ ბატის ფრთით დაწერილი რომანი. ფაქტია რომ კომპიუტერმა კიდევ უფრო ააჩქარა ტექტსის აკრეფვის ტემპი და შესაძლოა ეს ქვეცნობიერად ცვლის კიდეც ტექსტის შინაარს. მოკლედ, არ ვიცი.
რაც ვიცი იმას ვიტყვი: კარგი იქნებოდა ერთი ჯადოსნური საბეჭდი მანქანა მქონდეს, ისეთი, მასზე რა სიტყვებსაც ავრეფდი, წინასწარ ჩაფიქრებული ადამიანის სხეულზე ჩნდებოდეს – კარგად გავერთობოდი. მაგალითად რომელიმე უნამუსო პოლიტიკოსი ტელევიზიით პირდაპირ ეთერში მორიგი ტყუილების ლაპარაკს რომ მოჰყვებოდა, ამ დროს შუბლზე ამოვუბეჭდავდი: – იტყუება! გარდა ამისა, უცნობ ქალს ფეხის თითებზე დავაწერდი – მიყვარხარ! მეც იგივეს დავიწერდი და ამის წყალობით ადვილად მოვძებნიდით ერთმანეთს. მასთან შეხვედრისას ერთმანეთს ფეხისგულებს მივადებდით, როგორც ეს კურ ვონეგუტის წიგნშია (“აკვანი კატისთვის”) და ამ რიტუალით ჩვენს შორის დამყარდებოდა იდეალური და ჰარმონიული სასიყვარულო ურთიერთობა, რისი გამომწვევი ერთ–ერთი მნიშვნელოვანი დეტალი თითებზე დაწერილი სიტყვები იქნებოდა. (არა რა, ერთი საბეჭდი მანქანა ნამდვილად მჭირდება).
314 სიტყვა პი–ს შესახებ
ზოგჯერ, იმდენად ვკადნიერდები, მგონია რომ ნებისმიერ ერთ სიტყვაზე შემიძლია პოსტის დაწერა, ხშირად კი გაყინულ თევზს ვემსგავსები და ცარიელი თვალებით ვიყურები აქეთ–იქით. აი, დღეს პი–ს დაბადების დღეა და ვერაფრით ვახერხებ მილოცვას. მეჩვენება, თითქოს სადაცაა “კრაკადილი” გენა მოვა, გადამყლაპავს, მერე ჩემი მონელების პროცესში ნიანგის ცრემლებს დაღვრის და თან ცნობილ სიმღერას იმღერებს ირონიული ტონით და ნიშნისმოგებით: сожалению день рождения, только раз в году. ორიოდე სიტყვით მაინც უნდა მივულოცო პი–ს თორემ მოვიდა ნიანგი.
დავიწყოთ იქიდან, თუ რატომ არის დღეს პი–ს იუბილე. კალენდარს შევხედოთ და ვნახოთ რა თარიღია: 14 მარტი. ახლა ეს თარიღი ციფრებით დავწეროთ: 3.14 –გამოვიდა პი. უფრო მეტი სიზუსტისთვის შეგვიძლია დაბადების ზუსტი დრო დავადგინოთ, (შემდეგი სამი ციფრი წერტილის შემდეგ) ეს არის 1.59 საათი. შევაჯამოთ: პი დაიბადა – 3.14 1: 59. გილოცავ, პი!!!
მინდოდა უფრო სხვანაირი ტორტი მომერთმია, მაგრამ შენ ისეთი ასაკოვანი ხარ, (სამიანის შემდეგ რა რიცხვიც არის ეგ არის პის წლოვანება) რომ მაგ რაოდენობის სანთელს ვერანაირი ზომის ტორტში ვერ ჩავარჭობდი. ყოველწლიურად ცდილობენ პის გამოთვლას და ახალ–ახალ რეკორდს ამყარებენ, მაგრამ ჯერ ვერავინ მოახერხა ბოლომდე გამოთვლა. ბოლო რეკორდი 5 ტრილიონი ციფრია, რომლის გამოსათვლელადაც ძალზედ მძლავრი კომპიუტერი გამოიყენეს. კომპიუტერს ოპერატიული მეხსიერაბა 97 GB ჰქონდა.
ამ დღეებში დარენ არონოვსკის ფილმი “პი” ვნახე, სადაც მთავარ გმირს სჯერა, რომ ნებისმიერი ინფორმაცია ციფრებშია დაშიფრული, რატომაც არა, სრულიად შესაძლებელია. საერთოდ ჩემთვის ძალიან საინტერესოა რიცხვები, სტატისტიკა, თვლა და ყველაფერი რაც რიცხვებთანაა დაკავშირებული.
მაშინ, როცა მსოფლიო ტუალეტის დღეს აღნიშნავს, ერთი თვლის დღე არ უნდა გვქონდეს?! წელიწადში ერთი დღე მთლიანად თვლას უნდა ეთმობოდეს, დავთვალოთ ყველაფერი: კიბეების საფეხურები, (რომელზეც შეიძლება წლებია დავდივართ და არ ვიცით რამდენი საფეხურია) საყვარელი ადამიანის პერანგის ღილების რაოდენობა არ უნდა ვიცოდეთ? (გასაგებია, თუ ვეღარ ითმენ სულაც შემოახევ ყველაფერს, მაგრამ მაინც) საკუთარი წიგნების გვერდების საერთო რაოდენობა, სახლის კედლებზე ჩაამოკიდული სურათების რაოდენობა, მე, მაგალითად მაინტერესებს გარი კასპაროვის მიერ ნათამაშებ საჭადრაკო პარტიებში რამდენი თეთრი ფერის, შავ უჯრებზე მოძრავი კუ იქნა მოკლული და ა.შ. პის გამოთვლას მაინც ვერ ვახერხებთ და ასეთი რაღაცეები მაინც დავთვალოთ.
ბოლოს კი ჩემი ცხოვრების ძალიან პირად ამბებს გაგიმხელთ, ჩემს მიერვე შექმნილი ფილმის საშუალებით. ამ ფილმში თქვენ ნახავთ ყველაფერს რაც აქამდე გადამხდენია: